საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აცხადებს, რომ ქვეყანაში უდიდეს დაძაბულობას ქმნის და დეპრესიას იწვევს - სიმართლის სიცრუით ჩანაცვლება და მოქალაქეებზე ამ ძალით ზემოქმედება. ამის შესახებ მან პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს უყრიან.
“არის კიდევ ერთი პრინციპი, რომელზე საუბარიც მაიძულა ბოლო დღეებში, თუნდაც პარლამენტში მიმდინარე მოვლენებმა და რომლის გარეშეც განვითარებაზე საუბარი იქნება ზედმეტი - ეს არის სიმართლე. მეგობრებო, ჩვენ დიდი პრობლემა გვაქვს, როდესაც სიცრუით და მოდელირებული რეალობით, ხდება ჩვენს მოქალაქეებზე ელემენტარული ზემოქმედება, მათ ფსიქიკაზე, მათ მორალზე. ეს არის ის დამაგრეველი ძალა, რომელიც ქმნის ილუზიებს, როდესაც ხდება სიმართლის სიცრუით ჩანაცვლება, როდესაც ჩვენ არ ვაძლევთ მოქალაქეს ობიექტური რეალობა შეაფასოს ისე, როგორც არის, მით უმეტეს, როდესაც ეს ობიექტური რეალობა, ხშირ შემთხვევაში სახარბიელო არ არის. რა თქმა უნდა, ეს იწვევს უდიდეს დეპრესიას და ქმნის უდიდეს დაძაბულობას ქვეყანაში ყველა მიმართულებით და ეს ხელს უშლის ქვეყნის პოზიტიურად განვითარებას. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ ისეთი აღიარებული საკვანძო საკითხებიც კი, რომელსაც ფასეულობის დონეზე არცერთი მოქალაქე კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, ეს საკითხებიც კი სიცრუის საშუალებით დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგალითად ოკუპაცია. ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ ოკუპაცია არის ყველაზე დიდი პრობლემა, გამოწვევა, ყველაზე დიდი ბოროტება ჩვენი ქვეყნის”,- აცხადებს პრემიერობის კანდიდატი.

























