მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრემიერობის დროს არ გავმდიდრებულვარ", - კვირიკაშვილმა აგარაკის შეძენის დოკუმენტაცია წარმოადგინა

5bd55df800a90
თელარა გელანტია
28.10.18 10:55
1224
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი პრემიერ-მინისტრი პრემიერობის დროს არ გამდიდრდებულა.

ამ სიტყვებით გამოეხმაურა ყოფილი პრემიერი გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომლის თანახმად, „გიორგი კვირიკაშვილმა დუშეთში მიწის ნაკვეთი მაშინ შეძინა, როცა ჯერ მთავრობის წევრი არ იყო, მაგრამ სასახლე კი მას შემდეგ აიშენა, რაც პრემიერ-მინისტრი გახდა“.

საუბარია, დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთში 3475 კვადრატულ მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენებულ 243.8 კვ.მეტრის ფართის 2-სართულიან სახლზე.

ექს-პრემიერი ირწმუნება, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც სახლის პირველი სართული უკვე აშენებული იყო, 10 წლის წინ შეიძინა, ხოლო სახლის მშენებლობა 2010 წელს დაასრულდა 2012 წლის ფინანსურ დეკლარაციაში, რომელიც მან ეკონომიკის მინისტრად დანიშვნის შემდეგ შეავსო, ეს ქონებაც ასახულია.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობას გიორგი კვირიკაშვილი 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე იკავებდა.

Bm.ge-მ „ოცნების“ მთავრობის ყოფილი მეთაურის სიტყვები გადაამოწმა, საიდანაც ირკვევა, რომ 2012 წელს შევსებულ დეკლარაციაშიც გიორგი კვირიკაშვილს ქვეშეთის სახლი მითითებული აქვს.

ყოფილმა პრემიერმა ამ საკითხზე გუშინ განცხადებაც გაავრცელა. დღეს კი, არჩევანის გაკეთების შემდეგ, საარჩევნო უბანთან კომენტარიც გააკეთა, სადაც საცხოვრებელი სახლის შესახებ დოკუმენტაციაც (სახლის პროექტი, აზომვითი ნახაზი, დუშეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბრძანება სახლის ლეგალიზაციის შესახებ) ჰქონდა მიტანილი და ჟურნალისტებს გასაცნობად დაუტოვა.

“სამწუხაროა, რომ ჩემგან ინფორმაცია არ იქნა გამოთხოვილი და გადამოწმებული და ჟურნალისტმა იხელმძღვანელა მხოლოდ 2016 წლის საჯარო რეესტრის ჩანაწერით, არადა ცოტა მეტად რომ მოეკვლია, მინიმუმ უნდა ენახა ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც 2012 წლიდან ივსება და 2012 წელსვე მაქვს აღნიშნული არა მხოლოდ ნაკვეთი, არამედ საცხოვრებელი სახლი და მინიშნებული კიდევაც არის, რომ 250 კვადრატული მეტრი იყო საცხოვრებული სახლი. 2016 წლის საჯარო რეესტრის ჩანაწერში იყო მხოლოდ და მხოლოდ ბოლო შესწორება. მე მაქვს აქ დოკუმენტები და შემიძლია დაგიტოვოთ“, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

მისივე თქმით, მიწის ნაკვეთი, რომელზეც სახლის პირველი სართული უკვე აშენებული იყო, 2007 წლის 6 აგვისტოს შეიძინა.

„მაშინ ნაკვეთად იყო დარეგისტრირებული და თვითონ ეს შენობა არ იყო დარეგისტრირებული. სწორედ ამიტომ, როცა დავაშენე და პრინციში სახლის მშენებლობა 2010 წელს უკვე დამთავრებული მქონდა. შემდეგ დავიწყე ლეგალიზაციის პროცედურა და 2013 წელს, ჩემი მინისტრის პოსტზე დანიშვნიდან სამ თვის თავზე იყო დასრულებული აზომვითი ნახაზი და მაისში უკვე გამოცემული იქნა საკრებულოს შესაბამისი ბრძანება. ჩემთვის ძალიან, მნიშვნელოვანია ჩემი რეპუტაცია; მინდა ვთქვა, რომ ყოველთვის პატიოსნად ვიმსახურე, სადაც ვიმსახურე და აქედან გამომდინარე, ვაკეთებ ასე დაწრვრილებით კომენტარს. თუმცა, სამწუხაროდ პოლიტიკამ გადასანსლა ყველაფერი საქართველოში და არ დატოვა ამოსუნთქვის არცერთი საშუალება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო პოლიტიკური რეპორტაჟი და სადღაც იმედს ვიტოვებ, რომ გაკეთდება შესაბამისი კომენტარები თუნდაც წამყვანის, ხელმძღვანელის და ჟურნალისტის მიერ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე იყოს გარკვეული და ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი პრემიერ-მინისტრი პრემიერობის დროს არ გამდიდრდებულა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები