ბოლო წლებში თბილისში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა მაღალი სტანდარტის საცხოვრებელ სივრცეებზე. მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, დედაქალაქში ჩნდება ახალი პრემიუმ კლასის დეველოპერული პროექტები, რომლებიც მცხოვრებლებს განსაკუთრებულ კომფორტს, დახვეწილ არქიტექტურასა და დიზაინს, სრულყოფილ შიდა ინფრასტრუქტურასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელ სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ.
2026 წლისთვის უძრავი ქონების ბაზარზე რამდენიმე მკაფიო ტენდენცია გამოიკვეთა. ეკოლოგიურად სუფთა და გამწვანებული სივრცეების გარდა, მომხმარებელი ითხოვს:
- მულტიფუნქციურ ინფრასტრუქტურას: გარემოს, რომელიც საცხოვრებელთან ერთად სხვა სივრცეებსაც აერთიანებს (მაგ. საერთო სამუშაო სივრცე, სივრცეები განტვირთვისთვის, სხვადასხვა სპორტული აქტივობისთვის).
- ავტონომიურობას: დღეს პრემიუმ სეგმენტის მყიდველისთვის მნიშვნელოვანია, რომ საცხოვრებელი კომპლექსი წარმოადგენდეს ერთგვარ დამოუკიდებელ ეკოსისტემას. ყველა საჭირო სერვისი, იქნება ეს სავაჭრო ობიექტები, რეკრეაციული ზონები თუ საგანმანათლებლო და გასართობი სივრცეები, განთავსებული უნდა იყოს უშუალოდ კომპლექსის ტერიტორიაზე.
- თანამედროვე ინოვაციურ ტექნოლოგიებს: ჭკვიანი სახლის სისტემებსა და ისეთ სამშენებლო მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ თბოიზოლაციასა და ხმის იზოლაციას.
- მაქსიმალურ კომფორტსა და უსაფრთხოებას: 24/7 დაცვას, კონსიერჟის მომსახურებასა და დახურულ პერიმეტრს, სადაც წვდომა მხოლოდ მაცხოვრებლებს აქვთ.
დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე გამორჩეულ ექსკლუზიურ საცხოვრებელ პროექტს თბილისის მასშტაბით.
Kostava 49
კოსტავა 49 იმობილიარეს პირველი პროექტია, რომლის მიზანია, ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი თანამედროვე ურბანული ცხოვრების სტანდარტებთან ინტეგრირება. კონცეფცია ესპანელი არქიტექტორის, რიკარდო ბოფილის, ხედვას ეფუძნება. შენობა გასული საუკუნის ერთ-ერთმა წამყვანმა არქიტექტორმა, მიხეილ ნეპრინცევმა დააპროექტა. ეს უნდა ყოფილიყო ჩაის ადმინისტრაციული ცენტრი, საიდანაც 97 ჩაის ქარხანა და რეგიონული პლანტაციები იმართებოდა. მოგვიანებით აქ სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განთავსდა, რომელიც 2007 წლამდე ფუნქციონირებდა. შენობის ექსტერიერში სრულად არის რესტავრირებული და შენარჩუნებული ისტორიული ფასადის თვითმყოფადობა. შიდა სივრცეები კი ახლებური არქიტექტურული ხედვით არის დაპროექტებული. სწორედ ეს კონცეფცია, მისი ისტორია ხდის პროექტს განსაკუთრებით საინტერესოს.
კოსტავა 49 აერთიანებს მრავალფეროვან საერთო გამოყენების სივრცეებს: პრემიუმ კლასის რესტორანს, მოსასვენებელ ზონებს, სავარჯიშო და სარეაბილიტაციო ცენტრებს. გამაჯანსაღებელი სივრცეების კონცეფცია შვეიცარიულ პრემიუმ ველნეს-ბრენდს, Resense-ს ეკუთვნის და ქალაქის საუკუნოვან გეოთერმულ ტრადიციებს ეფუძნება. ფიტნეს-სივრცე სრულად არის მორგებული როგორც ინტენსიური ვარჯიშისთვის, ისე აღდგენითი სესიებისთვის. აქ წარმოდგენილია რეგიონში პირველი სპეციალიზებული აღჭურვილობა სხეულის რეაბილიტაციისთვის და Technogym-ის უახლესი ინვენტარი.
King David
„King David“ საქართველოში პირველი კონდომინიუმის ტიპის მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც 2017 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს. მაღალი კოშკი, King David Residences, განკუთვნილია საცხოვრებელი სივრცეებისთვის, ხოლო დაბალი კოშკი წარმოადგენს თანამედროვე A-კლასის ბიზნეს ცენტრს. ინფრასტრუქტურა მოიცავს საცურაო აუზს, სპა და ფიტნეს ცენტრებს, ტერასას, რესტორნებს, საკონფერენციო დარბაზებს, საერთო სამუშაო სივრცეს. თანამედროვე არქიტექტურა, მაღალი ხარისხის სტანდარტები და გამორჩეული სერვისები ქმნის იმ კომბინაციას, რომელიც რეზიდენტებსა და ბიზნესს სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს.
Trussardi Residences
Mira Developments-ის მიერ განხორციელებულ პროექტს, რომელიც შექმნილია იტალიურ ბრენდ Trussardi-სთან თანამშრომლობით, თბილისის საცხოვრებელ გარემოში თანამედროვე მილანის დიზაინი შემოაქვს. Mira Verde ქმნის მშვიდ საცხოვრებელ გარემოს, სადაც კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურასთან ერთად სუფთა ჰაერი, გამწვანებული სივრცეები და ბუნებრივი ლანდშაფტია. ტყით გარშემორტყმულ სივრცეში გათვალისწინებულია სასეირნო ბილიკები, პარკები და დასასვენებელი სივრცეები. ინტერიერი მოიცავს Trussardi Casa-ს დიზაინის ელემენტებს, იტალიაში დამზადებულ დეკორს, პრემიუმ ტექნიკას, ბრენდირებულ ჭურჭელსა და სამზარეულოს სრულ აღჭურვილობას.
Tbilisi Gardens
Tbilisi Gardens არის დედაქალაქში პირველი ცათამბჯენი მშენებლობის ნიუ-იორკული სტანდარტების დაცვითა და ჭეშმარიტად ამერიკული ინტერიერის დიზაინით. ბინების დაგეგმარება და დიზაინის კონცეფცია ამერიკელ ინტერიერის დიზაინერს, ვინსენტ ვულფს ეკუთვნის, რომელიც House Beautiful-მა ყველაზე გავლენიანი ამერიკელი დიზაინერების ათეულში შეიყვანა და Interior Design Magazine-მა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო დიზაინერად დაასახელა. ნიუ-იორკული ცათამბჯენი 21 000 მ²-იანი ცენტრალური პარკით არის გარშემორტყმული, რომლის გამწვანებაზეც იტალიელი დიზაინერები მუშაობენ. საცხოვრებელი მოიცავს ფიტნეს ცენტრს, აუზს, საბავშვო მოედანსა და სპორტულ მოედანს.
Kings Garden
„Kings Garden“ ძველი თბილისის შუაგულში, მირზა შაფის ქუჩაზე მდებარე გამორჩეული პროექტია. ეს ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ნაწილია, რომელიც სწორედ იმ ადგილს ესაზღვრება, სადაც, ლეგენდის თანახმად, V საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასალმა დედაქალაქი დააარსა. პრემიუმ კლასის დეველოპერული პროექტი 100 აპარტამენტს აერთიანებს. კომპლექსი, რომელიც უშუალოდ ისტორიული ცენტრისა და ტრადიციული გოგირდის აბანოების თავზეა განთავსებული, გამოირჩევა ელეგანტური ღია მოედნით (პიაცა), სადაც პრემიუმ კლასის რესტორნებია წარმოდგენილი. მაცხოვრებლებისთვის შექმნილია ყველა საჭირო დეტალით აღჭურვილი შიდა ინფრასტრუქტურა, რაც მოიცავს სპა ცენტრს, აუზს, ფიტნეს დარბაზსა და საკონფერენციო სივრცეს.
Tbilisi Waterfront
Tbilisi Waterfront მდინარის პირას შექმნილი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სივრცეა. პროექტი Eagle Hills-ს ეკუთვნის, რომლის დამფუძნებელიც მოჰამედ ალაბარია. მოჰამედ ალაბარი ასევე არის Emaar Properties-ის დამფუძნებელი - კომპანიის, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ბურჯ ხალიფა და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სავაჭრო ცენტრი Dubai Mall ააშენა. Eagle Hills Properties-ის პროექტები 18-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის მაროკო, ეგვიპტე, სერბეთი, ალბანეთი, ლატვია, ბაჰრეინი, ეთიოპია და უკვე საქართველოც. თითოეული კომპლექსი ეფუძნება მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების უკეთ ინტეგრაციის პრინციპებს. მოხერხებული დიზაინი, ეკომეგობრული, მოქნილი ინფრასტრუქტურა ბუნებრივად ერწყმის ქალაქის ისტორიულ ქსოვილს.
Tbilisi Hills
Tbilisi Hills-ის აპარტამენტები განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც კომფორტი და ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, ასევე ბუნებასთან სიახლოვე. ბუნებრივი სიმწვანე, ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო, უსაფრთხოება 24/7, გამორჩეული სამეზობლო, ხედები ქალაქსა და შავნაბადას მონასტერზე, გოლფის პროფესიონალური მოედნები, რესტორანი, პარკი, ეს ის უპირატესობებია, რომელსაც კომპლექსი აპარტამენტის თითოეულ მაცხოვრებელს სთავაზობს. Tbilisi Hills არის სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით შექმნილი საცხოვრებელი სივრცე. კომპლექსი მოიცავს სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, კომერციულ სივრცეებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს. „თბილისი ჰილს გოლფი“, რომელიც ერთადერთ პროფესიონალურ, 18 ფოსოიან გოლფის მოედანს წარმოადგენს საქართველოში, აერთიანებს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ გოლფის მოყვარულებს.
შეჯამება
თბილისის უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის და სტანდარტული საცხოვრებელი ფართების ნაცვლად, მომხმარებელს სრულფასოვან, დამოუკიდებელ ეკოსისტემებს სთავაზობს. თითოეული განხილული პროექტი, იქნება ეს ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვეობასთან შერწყმა, ურბანული ცათამბჯენი, მდინარისპირა მასშტაბური განაშენიანება თუ ბუნებაში ინტეგრირებული ელიტარული გოლფ-რეზორტი, უნიკალური კონცეფციით გამოირჩევა და დედაქალაქში ცხოვრების სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. მსგავსი მულტიფუნქციური კომპლექსების განვითარება ადასტურებს, რომ დღეს მყიდველისთვის მთავარი პრიორიტეტი დროის დაზოგვა, ეკომეგობრული და ჯანსაღი გარემო, პრესტიჟული მისამართი, მაქსიმალური უსაფრთხოება და უმაღლესი დონის ყოველდღიური კომფორტია.




























