"პრემიუმ რეზიდენსის" კომერციული დირექტორის თეონა კაჭარავას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ტექდათვალიერების ცენტრების შექმნის მიზნით გამოცხადებული ტენდერი იყო აბსოლიტურად გამჭვირვალე, მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო და აპელიერაბა იმაზე, რომ ბაზრის სხვა მოთამაშეები იყვნენ არათანაბარ პირობებში, სიმართლეს არ შეესაბამება.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ ბაზარზე უკვე არსებობდნენ კომპანიები, რომლებსაც ამ მიმართულებით შესაბამისი სერვისები ჰქონდათ, სახელმწიფომ მათ ოპერირების უფლება დამატებითი თანხის გადახდის გარეშე შეუნარჩუნა, მათი კომპანიისგან განსხვავებით, რომელმაც ტენდერში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა.
"კონკრეტულ ლოკაციებზე რომ მოგვეპოვებინა ოპერირების უფლება, ჩვენ ვიხდით თანხას და ეს თანხა არის სამჯერ მეტი, ვიდრე სატენდერო წინადადებაში იყო წარმოდგენილი. აჟიოტაჟი მოჰყვა იმას, რომ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ათწლიანი აკრედიტაციის უფლება გადმოგვეცა, რაც არასწორია. ჩვენ მივიღეთ ათწლიანი ოპერირების უფლება, თუმცა აკრედიტაციას თითეული ინსპექტირების ცენტრი გაივლის კანონის შესაბამისი პირობებით, ისევე როგორც ამას გადიან ბაზრის სხვა მოთამაშეები და ყველა ცენტრის აკრედიტაცია ოთხწლიანი იქნება", - განაცხადა თეონა კაჭარავამ.
როგორც თეონა კაჭარავა განმარტავს, ამ თემასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პროკურატურიდან უწყება არ მიუღიათ და კომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს პროექტის განხორციელებას. საქართველოს მასშტაბით სულ 25 ცენტრი გაკეთდება, აქედან 10-12 თბილისში გაიხსნება.
"ტენდერის თანახმად ავიღეთ მთელი რიგი ვალდებულებები, რაც ითვალისწინებს ბაზარზე საერთაშორისო კომპანიის შემოყვანას. ჩვენი პარტნიორი არის ესპანური ბრენდი "აპლუსი", რომელიც ამ მიმართულებით ლიდერია. ძალიან რთულია ასეთი პარტნიორის მოძიება და სხვა კომპანიებმა ვერ შეძლეს ეს. ჩვენმა გუნდმა ბევრი იმუშავა ამისთვის, რომ ასეთი პარტნიორი მოგვეზიდა, ჩვენი მხრიდან მათ მიმართ გაკეთა ძალიან კარგი შეთავაზება და ისინი დაგვთანხმდნენ", - განაცხადა კაჭარავამ.
"პრემიუმ რეზიდენსი" აღნიშნულ პროექტში 35-40 მილიონი ლარის ინვესტირებას განახორციელებს, რომელის მოზიდვაც როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან ხდება.
"ყველა ჩვენი ლოკაცია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში იქნება ადვილად მისასვლელი და 15 -20 წუთი დასჭირდება თითეულ მანქანას, რომ გაიაროს ინსპექტირება. ჩვენი სერვისცენტრის მენეჯერები ამჟამად ესპანეთში იმყოფებიან, მიმდინარეობს მათი გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. ვფიქრობთ, რომ თუ შევძლებთ მოქალაქეებისათვის ისეთი სერვისის მიწოდებას, რასაც ისინი ელიან, ბაზრის ერთ მესამედს დავიკავებთ და ჩადებულ ინვესტიციას უახლოეს წლებში ამოვიღებთ“ - განაცხადა თეონა კაჭარავამ.

























