საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სებ-ის წინა პრეზიდენტის კობა გვენეტაძის პრაქტიკა გააუქმა და უკვე მეორე წელია, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების სხდომის შემდეგ პრესკონფერენციებს აღარ მართავს.
მპკ-ის სხდომის შემდეგ ბოლო პრესკონფერენცია ეროვნულ ბანკში ნათია თურნავამ 2024 წლის 30 ივლისს გამართა, თუმცა მაშინ ის ჯერ კიდევ სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
საქმე ის არის, რომ კობა გვენეტაძის დროს, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2016-2022 წლებში იყო, სებ-ის მედიასთან ურთიერთობა გახშირდა და სისტემური ხასიათი მიეცა.
კერძოდ, მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის სტრატეგიის ფარგლებში, კომიტეტის ყოველი მეორე სხდომის შემდეგ, სებ-ის პრეზიდენტი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პერიოდულად ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომებს სხვადასხვა რეგიონში მართავდა, სადაც მედიის ტრანსპორტირებას თავად ეროვნული ბანკი უზრუნველყოფდა.
აღნიშნულს ადასტურებს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშები, სადაც მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას ცალკე თავი ეთმობოდა. მაგალითად: „მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბანკის წარმომადგენლებთან ერთად ხვდებოდა ჟურნალისტებს და მაქსიმალურად დეტალურად უხსნიდა მათ კომიტეტის გადაწყვეტილებებს. ამასთანავე, ქვეყნის მთავარი ბანკი პასუხობდა ყველა იმ შეკითხვას, რომელიც უკავშირდებოდა ზოგადად ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, მის ინსტრუმენტებსა თუ გადაწყვეტილებებს. პრესკონფერენციები გადაიცემოდა სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის რეჟიმით“, - წერია სებ-ის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშში.
რატომ გააუქმა ნათია თურნავამ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციების პრაქტიკა?
ამ კითხვით BMG-მ სების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს იმიტომაც მიმართა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სებ-ის BMG-სთან კომუნიკაცია მკვეთრად გაუარესდა. კერძოდ, BMG-სთან ინტერვიუს არ თანხმდება არც სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და არც - ვიცე-პრეზიდენტები, განსხვავებით კობა გვენეტაძის პერიოდისგან, როცა პრეზიდენტიც და მისი მოადგილეებიც BMG-ის გადაცემების ხშირი სტუმრები იყვნენ. ნათია თურნავას ინტერვიუ BMG-სთან ბოლოს 2023 წლის ოქტომბერში შედგა, როცა ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება გამოსცა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლებში შემცირდა სებ-ის ღონისძიებები, სადაც მედიას იწვევენ და ჟურნალისტებთან არც არაფორმალური შეხვედრები იმართება. შედეგად, ჟურნალისტებს აღარ დარჩათ სივრცე, სადაც საფინანსო სექტორის მარეგულირებელს სხვადასხვა აქტუალურ თემებზე კითხვებს დაუსვამენ.
ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა BMG-ის ზოგადი ტექსტით უპასუხა, სადაც ჩვენ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი, ფაქტობრივად, არ იძებნება.
ეროვნული ბანკის წერილობით პასუხს უცვლელად გთავაზობთ:
„ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და იღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკის განაკვეთის შესახებ. კომიტეტი ასევე იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ მოახდინოს სათანადო კომუნიკაცია ფინანსურ ბაზრებთან და ფართო საზოგადოებასთან. ნებისმიერი ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სხდომაზე, კოლეგიალურად.
საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს მრავალ საკომუნიკაციო არხს, იქნება ეს ტრადიციული მედია, სოციალური მედია, ციფრული მედია, პირდაპირი კომუნიკაცია და ა.შ. როგორც წესი მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები მთელ საზოგადოებაზე ახდენს გავლენას და შესაბამისად დიდი ყურადღება ეთმობა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ კომუნიკაციას. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილებები პრესრელიზის საშუალებით მიეწოდება საზოგადოებას და გადაწყვეტილების მიღებისთანავე ქვეყნდება სების ვებგვერდზე. მონეტარული პოლიტიკის ანგარიში წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ძირითად ინსტრუმენტს, რომელიც ყოველკვარტალურად ქვეყნდება და რომელშიც დეტალურად არის მოცემული ინფლაციის მაჩვენებლის პროგნოზები, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ მონეტარული პოლიტიკის ფორმირების პროცესში, ასევე, სებ-ის პრეზიდენტის ვიდეო მიმართვები ამავე თემაზე, შეხვედრა ანალიტიკოსებთან - პრეზენტაცია და კითხვა-პასუხის რეჟიმი, ურთიერთობა მედიასთან - სტუმრობა სატელევიზიო თუ რადიო ეთერებში და ა.შ. აქვე, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი წამყვანი ევროპული ქვეყნების იმ ცენტრალურ ბანკებს შორის ერთ-ერთ მოწინავეა, რომელმაც მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა. ამით უფრო გამჭვირვალე გახადა რისკების მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი. სწორედ ამ ნაბიჯით ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების მორიგ ეტაპზე გადავიდა, რითაც აუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქციის გამჭვირვალობასა და აღქმადობას, რაც პოლიტიკის გადაცემის არხების ეფექტურობას აძლიერებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ყოველთვის ორიენტირებულია გამჭვირვალობის ზრდასა და კომუნიკაციის გაძლიერებაზე. სწორედ ამ მიზნით, 2017 წლიდან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ რეგულარულად ხვდება ანალიტიკოსებს.
კერძოდ, ეკონომისტებსა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც მაკროეკონომიკურ პროგნოზირებასა და შეფასებებს ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ფორმატში ეკონომისტებთან შეხვედრა-პრეზენტაციების საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება. ინფლაციის პროგნოზების კომუნიკაციის მიზნით, ცენტრალური ბანკები რეგულარულად მართავენ ანალიტიკოსებთან და ფინანსური ბაზრის წარმომადგენლებთან ტექნიკურ შეხვედრებს, სადაც განმარტავენ პროგნოზების დაშვებებს, რისკებსა და მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქციას. შეხვედრების მიზანია, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებისა და ეროვნული ბანკის საპროგნოზო სცენარების უფრო დეტალურად განმარტება ტექნიკურ დონეზე“.




























