მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პრეტენზიების განხილვამდე კონსოლიდირებული ტენდერების მიმდინარეობა უნდა შეჩერდეს"

5c4ef9f141ec0
თათია ჩაფიჩაძე
28.01.19 18:53
1157
სავაჭრო-სამრეწველო პალატამ კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭომ კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნინო ზამბახიძის მიერ ტენდერებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები იყო.

როგორც ცნობილია, ზამბახიძემ საკუთარი მეურნეობის გაყიდვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ტენდერის გამო გადაწყვიტა. ის თვლის, რომ პროცესი იმდენად ბიუროკრატიული და არასამართლიანია, რომ ადგილობრივი წარმოების განვითარებას ხელს უშლის.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ დღეს საკუთარი გამოცდილების შესახებ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, არსებობდეს დავების საბჭო, რომელიც მსგავსი შემთხვევებით დაინტერესდება.

„კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში, როდესაც მეწარმეს უნდა მიიღოს მონაწილეობა ან უკმაყოფილოა იმ გადაწყვტილებით, რასაც კომისია მიიღებს, არ აქვს საშუალება გაასაჩივროს, იმიტომ, რომ დავების საბჭო ამ კონკრეტულ მომენტში არ მოქმედებს. ეს უნდა გადავიდეს სასამართლოში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ შეაჩეროს ტენდერი, შესაბამისად შემდეგი გამარჯვებული ვინც არის ის აგრძელებს მონაწილეობას. დავა დაახლოებით, წელიწადნახევარი გრძელდება, ტედერს კი, ვადა ერთ წელიწადში ეწურება. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავების საბჭო უნდა არსებობდეს, სადაც ადამიანს უთანხმოების შემთხვევაში მიმართვის საშუალება ექნება“, - განაცხადა ზამბახიძემ.

შეხვედრას საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძეც ესწრებოდა, რომელიც ზამბახიძის პოზიციას ბიუროკრატიასთან დაკავშირებით სრულად იზიარებს და თვლის, რომ პრეტენზიების განხილვამდე კონსოლიდირებული ტენდერების მიმდინარეობა უნდა შეჩერდეს.

„მიგვაჩნია, რომ ისევე როგორც ჩვეულებრივი ტენდერების შემთხვევაში, კონსოლიდირებული ტენდერების პირობებშიც უნდა იყოს შესაძლებელი ისეთი მექანიზმი, რომელიც პრეტენზიების არსებობის დროს უზრუნველყოფს გასაჩივრების შესაძლებლობას და ტენდერის შეჩერებას მანამ, სანამ არ იქნება ახსნილი და დაკმაყოფილებული“, - განაცხადა ლექვინაძემ.

საბჭოს ხელმძღვანელმა ნინო ჩიქოვანმა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმება მსგავსი ტიპის შეხვედრა შესყიდვების სააგენტოს მონაწილეობით. საბჭო ასევე აპირებს კონკრტული რეკომენდაციები პარლამენტს საკანონდებლო ცვლილებებისათვის წარუდგინოს და არსებულ გამოწვევებზე შესაბამისი რეაგირება მათთან ერთად მოხერხდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები