აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს.
როგორც bm.ge-ის აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, აღსრულების დაწყების საფუძვლებია:
• კრედიტორის წერილობითი განცხადება;
• სააღსრულებო ფურცელი (დედანი) და შესაბამისი გადაწყვეტილება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• მინდობილობა (თუკი დოკუმენტაცია შემოაქვს წარმომადგენელს).
სააღსრულებო ფურცლის ჩაბარების შემდეგ კრედიტორმა (ან წარმომადგენელმა) უნდა გადაიხადოს აღსრულების წინასწარი საფასური, რომელიც განსხვავდება საქმეების კატეგორიების მიხედვით.
საქმის წარმოების დაწყებიდან 5 დღის ვადაში აღმასრულებელი ახდენს მოვალის ინფორმირებას სააღსრულებო წარმოების დაწყების თაობაზე.
მოვალეს, ინფორმირებასთან ერთად, განემარტება სააღსრულებო კანონმდებლობით დადგენილი მისი უფლებები, სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; იძულებითი აღსრულებისათვის კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.
თანხის გადახდევინების საქმეთა კატეგორიებზე, შეტყობინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მოვალეს ეკისრება მხოლოდ წინასწარი საფასურის გადახდა - მოთხოვნის 2%-ის ოდენობით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ სრული საფასური - აღსასრულებელი თანხის 7 %-ის ოდენობით.
სააღსრულებო წარმოების დაწყებისთანავე, აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას კანონით დადგენილი წესით. გარდა ამისა, თუკი მოთხოვნა არაუზრუნველყოფილია, მოვალე რეგისტრირდება მოვალეთა რეესტრში.
მოცემული პროცედურების განხორციელების შემდეგ, მოვალის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქონება მზადდება სააუქციონოდ და ხდება მისი რეალიზაცია.
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დაუკავშირდეთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს: (032) 2 749 649 www.facebook.com/ nbe.gov.ge/ [email protected]

























