საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები მიხეილ სააკაშვილის პერიოდზე უარესია.
ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
„ოცნება“ დღეს გახდა უარესი, ვიდრე სააკაშვილის პერიოდი იყო. გაიმეორა ყველაფერი და ავტორიტარიზმს, ერთპარტიულობას, არჩევნების გაყალბებას, ადამიანის უფლებების დარღვევას, ბიზნესის დამონებას, რაც დღეს ყველაფერი ხდება „ოცნებაში“, დაუმატა რუსეთი“, - თქვა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე.
„ის პრემიერი, რომელმაც კრიზისი ვერ გადაჭრა, უნდა შეიცვალოს და როგორც კი გადადგება, ორ კვირაში მე უნდა დავნიშნო არჩევნები“, - აცხადებს პრეზიდენტი.
ინტერვიუს ბოლოში, ჟურნალისტის მცდელობის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა არ დააკონკრეტა, როგორ იმოქმედებს „ოცნების“ მიერ დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
„ამის დრო მოვა... არაერთი საჯარო სიტყვა მექნება და საზოგადოებას პირდაპირ ავუხსნი ძალიან ვრცლად და ძალიან ნათლად, რა იქნება ჩემი პოზიცია იმის მერე, რაც არალეგიტიმურ პარლამენტი აირჩევს არალეგიტიმურ პრეზიდენტს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.