მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრეზიდენტი-სერგეენკოს უწყებას: სასწრაფოდ დაიწყოს უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა

5cbdc3730feb1
BM.GE
22.04.19 17:33
5075
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, სასწრაფოდ დაიწყოს გაჭირვებული ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები.

ზურაბიშვილი ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს მიმართავს, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების აღწერა სასწრაფოდ დაიწყოს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა, რითაც მარტვილში, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

„არ შეიძლება არ გამოვეხმაურო ახალგაზრდის თვითმკვლელობის ტრაგიკულ ფაქტს და შიმშილობასთან მის დაკავშირებას. მე ვერ გავარკვევ, რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი. ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს, ამიტომ მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს, სასწრაფოდ დაიწყოს სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები. მე ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას და ბოდიშს ვუხდი, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ სირცხვილად მიაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება.

წყარო: IPN

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები