მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი წარმოადგენს რადიკალურ დაჯგუფებას, რომელიც უცხო ქვეყნისგან, სხვა ძალისგან იმართება - კალაძე

კახა კალაძე პრეზიდენტი

„ქვეყნისთვის ევროპული მომავალი რომ მნიშვნელოვანია, ამის კონსტიტუციაში ასახვა ჩვენს მიერ მოხდა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი საკუთარი ქმედებებით რადიკალურ დაჯგუფებებს წარმოადგენს, რომლებიც ქვეყნის მტრები არიან.

„როგორ შეიძლება იმ ადამიანზე კომენტარი გააკეთო, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა? ამას ამბობდა საკუთარ ქვეყანაზე. ის თავისი ქმედებებიდან გამომდინარე, უბრალოდ წარმოადგენს იმ რადიკალურ დაჯგუფებას, რომლებიც ქვეყნის მტრები და მოღალატეები არიან, უცხო ქვეყნისგან, სხვა ძალისგან იმართებიან. მათ ყველას ერთი პატრონი ჰყავთ. შეიძლება სხვადასხვა სახელი ერქვათ, მაგრამ სინამდვილეში ერთნი არიან. როგორ შეიძლება ადამიანი გამჭვირვალობას ეწინააღმდეგებოდეს, თუ რაიმე დასამალი არ აქვს და სიბინძურეში არაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას სარჩელების შესახებ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა და არასამთავრობო სექტორმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს და მათი მტკიცებით, აღნიშნული კანონი 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება, თბილისის მერი პასუხობს, რომ გამჭვირვალობა ევროპულ ღირებულებებს არ ეწინააღმდეგება.

„ქვეყნისთვის ევროპული მომავალი რომ მნიშვნელოვანია, ამის კონსტიტუციაში ასახვა ჩვენს მიერ მოხდა. ამის ინიციატორი სწორედ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ იყო. ასევე, 2012 წლიდან მოყოლებული, თუკი რაიმე წინ გადადგმული ნაბიჯი არსებობს ან ევროინტეგრაციის გზაზე რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, ეს არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება.

ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი შანტაჟის შემცველი განცხადება, მუქარა, რომ ეს კანონი გაწვეულიყო. თუმცა, ვერ მოვისმინეთ არგუმენტი „რატომ“. „იმიტომ“ არ არის პასუხი. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები - გამჭვირვალობა რატომ არის პრობლემა. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდეს?“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები