„პრეზიდენტი უნდა იყოს ქართული ბიზნესის ლობისტი უცხოეთში“-ასე აფასებს პრეზიდენტის როლს ბიზნესის მხარდაჭერის საქმეში დეველოპერული კომპანია GDG-ის ხელმძღვანელი, ბეჟან წაქაძე. ბიზნესმენი იზიარებს მათ პოზიციას, ვინც ფიქრობს, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური და ნაკლებად დაკავშირებული მმართველ პარტიასთან, რათა რიგი გადაწყვეტილებები უფრო თავისუფლად მიიღებოდეს.
„პრეზიდენტს აქვს ყველანაირი უფლება, ყველა საქმეში დააფიქსიროს პოზიციები. პირველ რიგში ის უნდა იყოს ლობისტი უცხოეთში ქართული ბიზნესისა, მათი წარმოებული პროდუქციის იმიტომ, რომ ჩვენი ცნობადობა ჯერ კიდევ არ არის იმ დონეზე, რაც სჭირდება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას.
გიორგი მარგველაშვილიც იყო გარკვეულწილად ჩართული ბიზინესის ლობირების თემებში უცხოეთში, თუმცა უფრო მაღალი დოზით უნდა იყოს ჩართულობა, რადგან დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ეკონომიკის წამოწევა. ამაში უნდა ჩაერთოს ყველა, მათ შორის პრეზიდენტი.
ბიზნეს სჭირდება ერთი რამ, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა, რადგან ამ დროს ვითარდება ბიზნესი. ბიზნესს გვაქვს მოლოდინი რომ იქნება სტაბილურობა, ვინც ქვეყააში სტაბილურობას დაიცავს, იქნება ეს მთავრობა თუ პრეზიდენტი, ბიზნესიც ყოველთვის მისი მხარდამჭერია.
ბიზნესიც შუალედური უნდა იყოს, არც ახლოს უნდა იყოს მზესთან, რომ დაგწვას და არც შორს, რომ გაიყინოს. ბიზნესი და სახელმწიფო არ უნდა იყოს გადაჯაჭვული ერთმანეთთან, მაგრამ უნდა თანამშრომლობდნენ“-აცხადებს ბიზნესმენი.
პრეზიდენტის როლზე ისაუბრა BM.GE-თან „დიოს“ გენერალურმა დირექტორმა, თამაზ დაუშვილმაც.
„მთელი ეკონომიკა დგას ბიზნესზე, შესაბამისად მნიშვნელოვანია ხელისუფლების სხვადასხვა შტოები აქტიურ კომუნიკაციაში იყვნენ ბიზნესის წარმომადგენლებთან. ბიზნესის კეთება არ არის ადვილი საქმე, შეიძლება წარმოიშვას ბევრი პრობლემა, აქედან გამომდინარე, რაც უფრო ახლო კომუნიკაცია იქნება თუნდაც მომავალი პრეზიდენტის მხრიდან ბიზნესთან, ეს კარგი იქნება. ჩვენ სწრაფად განვითარდებით, მეტი ბიზნესი და ინვესტორი შემოვა ქვეყანაში და ა.შ“-აცხადებს თამაზ დაუშვილი.
„დამოუკიდებელ სამყაროში ბიზნესს არ სჭირდება არც პრეზიდენტი, არც სახელისუფლებო სტრუქტურები. ბიზნესს სჭირდება გამართული ბიზნესგარემო, სამართლიანი გარემო. თუ რამე პრობლემებია დამოუკიდებელი სასამართლო“-აცხადებს ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი.