პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა 140-დან 60-მდე შემცირდა. ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია არის გამოცხადებული. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, საჯარო სამსახურის ბიურო შეეცდება თითოეულ გათავისუფლებულ კადრს შესაბამისი პოზიცია მოიძებნოს, ხოლო თუ აღნიშნული ვერ მოხერხდა, ამ პირებს სახელმწიფო 3 თვის ანაზღაურების კომპენსაციას გადაუხდის.
"31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაცხადა რეორგანიზაციის პროცესი. 15 იანვარს დასრულდება პოლიტიკის შემუშავება, განისაზღვრება საკვალიფიკაციო მოთხოვნები ამ საშტატო ერთეულისათვის.
მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღნიშნული საშტატო ერთეული არ არის დიდი მასშტაბის, აქედან გამომდინარე, ის აუცილებლად უნდა იყოს ძალიან მოქნილი და ძალიან ეფექტიანი, ისე რომ, საქართველოს პრეზიდენტმა შეძლოს მაქსიმალურად ეფექტიანად განახორციელოს თავისი უფლებამოსილებები.
15 იანვრიდან დაიწყება რეორგანიზაციის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველ ეტაპზე შიდა რესურსისთვის გაკეთდება შეთავაზებები, იმის მიხედვით, როგორ დააკმაყოფილებენ ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
15 თებერვლიდან დაიწყება რეორგანიზაციის მეორე ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის კადრი, რომელიც დღეს მუშაობს, მაგრამ, ან არ მიიღებს, ან ვერ დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გადავა უკვე საჯარო ბიუროს განკარგულებაში და საჯარო ბიურო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ბუნებრივია, საჯარო სამსახურში, შეეცდება თითოეული მათგანისთვის შეარჩიოს - მოძებნოს შესაბამისი შტატი, პოზიცია. იმ შემთხვევაში თუ შეთავაზებული პირობები არ იქნება მისაღები, ისინი მიიღებენ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციას,"- ამბობს პრეზიდენტის სპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი.

























