მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა

სს
23.04.24 22:48
282

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატთა შერჩევის მიზნით შექმნილმა კომისიამ დღეს საბჭოს წევრობის მსურველებთან გასაუბრება გამართა. ინფორმაციას თავად ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომისიამ დღეს ადმინისტრაციაში წარდგენილი 28 კანდიდატის განაცხადიდან, განხილვის შედეგად, სრული კონსენსუსით შერჩეულ 8 კანდიდატს მოუსმინა.

კომისიის თავმჯდომარის თამარ სულუხიას განცხადებით, კომისია გააგრძელებს მუშაობას და კიდევ ერთხელ იმსჯელებს ამ კანდიდატების ინტერვიუების თაობაზე, იმისათვის, რომ კონკრეტული სია მიაწოდოს პრეზიდენტს.

,,მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ამ გამჭვირვალე პროცესს, რათა საზოგადოებისათვის სრულიად გამჭვირვალედ იქნეს შერჩეული ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები.

კომისიამ 28 კანდიდატიდან მოკლე სია შეარჩია, ეს იყო კონსენსუსის წესით შერჩეული 8 კანდიდატი, რომლებთან ინტერვიუებიც დღეს განვახორციელეთ.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რის საფუძველზეც შეირჩა მოკლე სია - კონსენსუსი აღვნიშნე, ანუ მხოლოდ ის აპლიკანტები მოხვდნენ მოკლე სიაში, რომლებსაც ხმა მისცა კომისიის ყველა წევრმა იმ გამონაკლისი შემთვევების სახით, სადაც ყველა კონკრეტულმა წევრებმა კონკრეტულ აპლიკანტებს მისცეს აცილება ინტერესთა კონფლიქტის საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩემ შემთხვევაში ერთი ასეთი აპლიკანტი იყო, ბატონი არჩილის შემთხვევაში კი, ორი აპლიკანტი“, - განაცხადა თამარ სულუხიამ.

გასაუბრების შედეგებს კომისია პრეზიდენტს 1 მაისამდე წარუდგენს.

კომისიის შემადგენლობაში არიან: თამარ სულუხია - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის და ISET კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, (კომისიის თავმჯდომარე), არჩილ მესტვირიშვილი - სებ-ის საბჭოს ყოფილი წევრი, ნიკოლოზ ყაველაშვილი - ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ისაკაძე - მედიაკომპანია BMG-ის გენერალური პროდიუსერი.

სებ-ის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2024 წლის 7 თებერვალიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. სებ-ის საბჭოს წევრობის სურვილი სულ 28 პირმა გამოთქვა, საიდანაც კომისიამ 8 კანდიდატი შეარჩია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები