ზურაბიშვილმა კონფერენციის გახსნაზე წარმოთქმული სიტყვის დროს აღნიშნა, რომ პრეზიდენტის დასწრება მსგავს ღონისძიებებზე უჩვეულოა, თუმცა საქართველოს განვითარება სოფლის მეურნეობაზე გადის და შესაბამისად, მსგავსი კონფერენციები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
„საკმაოდ უჩვეულოა, რომ პრეზიდენტი ესწრებოდეს ასეთ კონფერენციას. მე გადავწყვიტე, რომ დავსწრებოდი მის გახსნას, რადგან საქართველოს განვითარება გადის რეგიონის ქვეყნების და შესაბამისად, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. სოფლის მეურნეობა არის წარსულში საქართველოს ეკონომიკის სიძლიერის საფუძველი, მაგრამ არ იქნება მომავლის სიძლიერე, თუ ის თანამედროვე პრინციპებზე არ დამყარდა", - აღნიშნა მან.
პრეზიდენტის თქმით, სოფლის მეურნეობა გარემოსთვის უსაფრთხო და ამავდროულად, თანამედროვე ბაზრებზე მორგებული უნდა იყოს.
„ჩვენ უნდა განვავითაროთ და ვისწავლოთ, რა არის დღევანდელ მსოფლიოში მდგრადი განვითარების პრინციპები და ამ პრინციპებზე ავაგოთ ჩვენი სოფლის მეურნეობა. წარსულის ტრადიციები უნდა შევინარჩუნოთ და ასევე, ვისწავლოთ როგორ უნდა განვავითაროთ ეს დარგი. სოფლის მეურნეობამ არ უნდა შეუშალოს ხელი გარემოს დაცვას და ამავდროულად, მსოფლიო ეკონომიკაში უნდა იყოს ჩართული, ასევე მორგებული უნდა იყოს არსებულ ბაზრებზე". - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ კონფერენციის ორგანიზატორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

























