მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ პოლიტიკური გამოსვლები აღარ გაიმართება - კანონპროექტი

ყაველაშვილი პარლამენტში

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომელიც, მათ შორის, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის პროცედურას ეხება. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის გამოსვლის დასრულებისთანავე, მისი მოსმენის პროცედურა დასრულდება, ხოლო რეგლამენტით აქამდე გათვალისწინებული პოლიტიკური სიტყვით გამოსვლები და დებატები აღარ გაიმართება.

დღეს მოქმედი რედაქციით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, სხდომაზე სიტყვით ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოდიან, რის შემდეგაც პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვა თქვას. ახალი პროექტის მიხედვით კი, მიმართვის დასრულების შემდეგ პარლამენტს მუშაობის გაგრძელებისა და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შესაძლებლობა ექნება.

პარლამენტი რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს. განმარტებითი ბარათის თანახმად, დაჩქარებული წესით განხილვა განპირობებულია იმით, რომ საგაზაფხულო სესია დასასრულს უახლოვდება და ცვლილებების ამოქმედება საშემოდგომო სესიისთვის არ გადაიდოს. პროექტის მიხედვით, ცვლილებები ძალაში 2026 წლის 1 ივლისიდან უნდა შევიდეს.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორები და ინიციატორები შალვა პაპუაშვილთან ერთად არიან დეპუტატები: დავით მათიკაშვილი, იმედა ნიკურაძე, აკაკი ალადაშვილი, გრეტა წიწავა და გიორგი კახიანი.

წარმოდგენილი პროექტი, პრეზიდენტის მოხსენების წესის გარდა, კიდევ რამდენიმე საპროცედურო საკითხს ცვლის და აზუსტებს:

  • სხდომის შესვენების წესი: უქმდება მკაცრი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პლენარულ სხდომაზე შესვენება 15-დან 16 საათამდე ცხადდებოდა. ახალი რედაქციით, სხდომის თავმჯდომარე შესვენებას „საჭიროებისამებრ“ გამოაცხადებს.
  • კანონპროექტის გაწვევა: კანონპროექტის ინიციატორს ეძლევა უფლება, გამოიხმოს კანონპროექტი მის მესამე მოსმენით მიღებამდე (მოქმედი წესით, ეს მხოლოდ პირველ მოსმენამდე იყო შესაძლებელი).
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა არჩევა: უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შემრჩევი სპეციალური საკონკურსო კომისიის შექმნის პროცედურა. კანდიდატებს მათი წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტები საკუთარი შეხედულებით წარადგენენ, ხოლო მათ მოსმენასა და რეკომენდაციის გაცემას პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი უზრუნველყოფს.
  • ინტერპელაციის წესი: ინტერპელაციის გამართვის დღედ, ოთხშაბათსა და ხუთშაბათთან ერთად, განისაზღვრება სამშაბათიც. ასევე, იცვლება და ხანგრძლივდება წერილობითი შეკითხვის დასმისა და ადრესატისთვის გადაცემის ზღვრული ვადები.

პროექტის ავტორთა განცხადებით, რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მიზნად ისახავს პროცედურების დაზუსტებას, გაუმჯობესებას, საპარლამენტო სუბიექტების საქმიანობის ხელშეწყობასა და პარლამენტის ეფექტიანობის გაზრდას. კანონპროექტის მიღება ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას ან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები