საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს სწავლის დაწყება ქუთაისიდან მიულოცა, სადაც გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სწავლის დაწყების პროცესს დაესწრო. ლიცეუმის ისტორიაში პირველად, წელს გოგონებიც მიიღეს და უმაღლესმა მთავარსარდალმა მათ სწავლის დაწყება პირადად მიულოცა.
„აქ, სასწავლებლის დაარსების მეექვსე წლისთავს კიდევ ერთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯით ხვდებიან - წელს ლიცეუმმა პირველად მიიღო გოგონები თავის რიგებში და ამიერიდან ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და განმტკიცების საქმეში, ისევე როგორც ტრადიციულად ჩვენს ქვეყანაში, ქალი და კაცი ერთად იდგება ქვეყნის სადარაჯოზე. გიორგი კვინიტაძის თანამებრძოლი იყო მარო მაყაშვილი და ასე ტრადიციულად და ისტორიულად, ქართველი ქალი ყოველთვის, ქართველი კაცის გვერდით იდგა.
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია - დღესაც ცოცხლობს და გრძელდება. მინდა განსაკუთრებით მოგილოცოთ თქვენ ლიცეუმის ახალო მოსწავლეებო, გოგონებო და გამოვიდე ინიციატივით, რომ თქვენი სულიერი თანამებრძოლის გიორგი კვინიტაძის და თანამებრძოლის მარო მაყაშვილის ხსოვნიდან გამომდინარე, ლიცეუმში გოგონებისთვის სტიპენდია დავაარსო“,-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

























