მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრინცესა დიანას "შურისძიების კაბა" აუქციონზე შესაძლოა $300 000-ად გაიყიდოს - Sotheby's

პრინცესა დიანა

კაბა, რომელიც საზოგადოებისთვის "შურისძიების კაბის" სახელითაა ცნობილი და პრინცესა დიანას 1994 წელს ეცვა, დეკემბერში აუქციონზე გამოვა.

დიანამ ეს სამოსი ლონდონში გამართულ წვეულებაზე მას შემდეგ ჩაიცვა, რაც რამდენიმე საათით ადრე ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მაშინდელმა პრინცმა ჩარლზმა ცოლის ღალატი საჯაროდ აღიარა.

1993 წელს გავრცელებულმა სატელეფონო ჩანაწერმა პრინცსა და მის ყოფილ პარტნიორს, კამილა პარკერ ბოულზს შორის ინტიმური საუბრები გაასაჯაროვა. მომდევნო წელს კი პრინცმა ჩარლზმა დაადასტურა, რომ ქორწინების პერიოდში დიანას ერთგული არ იყო.

კაბის დიზაინი ბერძენ დიზაინერ კრისტინა სტამბოლიანს ეკუთვნის. პრინცესამ ის ლონდონის "სერპენტაინის" გალერეაში "Vanity Fair"-ის საქველმოქმედო ვახშამზე დასასწრებად მოირგო. ბრიტანეთის სამეფო წყვილი ერთმანეთს 1992 წელს დაშორდა, მათი განქორწინება კი ოფიციალურად 1996 წელს დასრულდა.

განქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ დიანამ კაბა კიბოსა და შიდსის საქველმოქმედო ფონდების დასახმარებლად დაახლოებით 40 000 გირვანქა სტერლინგად გაყიდა. ორი თვის შემდეგ კი ის პარიზში მომხდარ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.

აუქციონამდე კაბას საჯაროდ გამოფენენ: პირველად სექტემბერში, მოდის კვირეულის ფარგლებში ლონდონის "Sotheby's"-ის საგამოფენო სივრცეში, შემდეგ ჰონგ-კონგსა და ჟენევაში, დეკემბერში კი გასაყიდად ნიუ-იორკში გაიგზავნება.

სააუქციონო სახლი "Sotheby's" ვარაუდობს, რომ ლოტი 300 000 დოლარად გაიყიდება. მათი ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა 1997 წლის შემდეგ, როდესაც აღნიშნული სამოსი აუქციონზე გამოიტანეს - სწორედ მაშინ გაყიდა დიანამ თავისი 79 კაბა ქველმოქმედებისთვის თანხის მოსაზიდად.

იმ პერიოდში "შურისძიების კაბა" დაახლოებით 64 000 დოლარად გაიყიდა. "საკუთარი წესებით თამაშით, პრინცესა დიანამ ეს სამოსი თავის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ გზავნილად აქცია ცხოვრების ყველაზე დაძაბულ და ემოციურ ეპიზოდში", - განაცხადა "Sotheby's"-ის მოდისა და ჩანთების მიმართულების გლობალურმა ხელმძღვანელმა მორგან ჰალიმიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები