ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ენერგიის სიჭარბის დროს, სადგურების გათიშვის პრიორიტეტულობა კვლავ დავის საგანია. საქართველოს ენერგეტიკული სექტორი წელს, სიჭარბის მდგომარეობაში აღმოჩნდა -თურქეთის ბაზარზე ფასების მკვეთრმა ვარდნამ ქართული ექსპორტი არამიმზიდველი გახადა, რამაც, ექსპორტის შესაძლებლობები შეამცირა. კერძო სექტორის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სახელმწიფო განიხილავს, ქსელში ენერგიის ჭარბად წარმოქმნის ან დისბალანსის შემთხვევაში, მზისა და ქარის ელექტროსადგურები სისტემიდან პირველ რიგში გაითიშოს ან სიმძლავრე შეუმციროს. „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში“ ფიქრობენ, რომ ენერგიის სიჭარბის დროს, პრიორიტეტი ჰესებს უნდა მიენიჭოს და ჰიდროელექტროსადგურების მუშაობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა შეჩერდეს, რასაც მზისა და ქარის ენერგიის სექტორი არ იზიარებს. რა არგუმენტები აქვთ სექტორში და რატომ დადგა დღის წესრიგში შეზღუდვების შემოტანა?


































