მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრიორიტეტებს შორის დანიაა" - ხის სათამაშოების მწარმოებელი „დინო“ ექსპორტისთვის ემზადება

დინო

ხის სათამაშოების და ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია "დინო" ექსპორტისთვის ემზადება. როგორც მისმა დამფუძნებელმა ვივია გურგენიშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, გერმანიაში გამართულ სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენა Spielwarenmesse 2024-ზე მონაწილეობით, კომპანიას ახალი პარტნიორობის შესაძლებლობები გაუჩნდა. მისივე თქმით, "დინოს" შვიდ ქვეყანასთან 30 მოლაპარაკება აქვს დაწყებული.

"ჩვენთვის პრიორიტეტებს შორის დანიაა. ვფიქრობთ, ამ ქვეყანაში პირველ ექსპორტს განვახორციელებთ, რადგან მათგან დაინტერესება იმდენად დიდია, რომ სამი პროტოტიპიც კი გამოგვატანეს და მოლაპარაკება ახლა ფასის ნაწილზეა. ამასთან, ინგლისის სამ კომპანიასთან გვაქვს გარე მოედნებზე მოლაპარაკება, ასევე, ესპანეთთან და გერმანიასთანაც. რაც შეეხება სერტიფიცირების გამცემ ორგანოებს, ამ მხრივ მოლაპარაკება თურქეთთან, გერმანიასთან და ჩინეთთან გვაქვს დაწყებული. გვინდა, პროდუქცია სერტიფიცირებული გავხადოთ, რადგან ექსპორტისთვის უფრო მომზადებულები ვიყოთ", - აღნიშნა ვივია გურგენიშვილმა.

მისივე თქმით, საერთო ჯამში, გერმანიაში გამართულმა გამოფენამ მოლოდინს გადააჭარბა და ქართული ნაწარმის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა.

"გამოფენაზე საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ინტერესი და მზაობა წამოვიდა, რადგან ქვეყანა ევროპასთან ახლოსაა, ტრანსპორტირებაც მარტივია, პროდუქტი მარტივად ჩადის დანიშნულების ადგილას და ტრანსპორტირებაც უფრო იაფი ჯდება,“ - აცხადებს გურგენიშვილი.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, "დინო" სააგენტოსგან „აწარმოე საქართველოში“ 10 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს ექსპორტის სტიმულირების სერტიფიცირების ნაწილში, რის გამოყენებასაც კომპანია რამდენიმე მოდელის სერტიფიცირებისთვის აპირებს. ეს კი, „დინოს“ საშუალებას მისცემს ევროპაში საკუთარი სახელით იყოს წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ხის სათამაშოებისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია საწარმოს გაფართოებასა და საკუთარი აკადემიის აშენებაზეც აქტიურად მუშაობს. გურგენიშვილის თქმით, ამჟამად ტერიტორიის მოძიების პროცესში არიან და საწარმოს გადატანას ქალაქგარეთ გეგმავენ. რაც შეეხება ამ კუთხით ინვესტიციას, მასში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები