სახელმწიფოს მხრიდან ქარისა და მზის ენერგიის უკანა პლანზე გადაწევა, შესაძლოა, ქვეყნის ენერგოსისტემისთვის სტრატეგიული შეცდომა აღმოჩნდეს. ამის შესახებ BMG-სთან კომპანია „უსასრულო ენერგიის“ (Infinite Energy) აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ბახტურიძე საუბრობს.
საქმე ისაა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი გეგმით, ენერგეტიკულ პრიორიტეტებში პირველ ადგილს ჰიდრორესურსები იკავებს, რასაც ქარისა და მზის ენერგია მოსდევს. ეკონომიკის სამინისტრო განიხილავს, რომ გარკვეულ პერიოდებში, მაგალითად გაზაფხულზე, როდესაც ჰესების, მზის და ქარის გამომუშავება პიკზეა და ენერგიის სიჭარბე წარმოიშვება, პირველ რიგში სიმძლავრე შეუმცირდეს ან გაითიშოს მზის ელექტროსადგურები; შემდეგ - ქარის სადგურები; ბოლოს კი - ჰესები.
თორნიკე ბახტურიძე განმარტავს, რომ ყველა ტიპის ჰესის ერთ კატეგორიაში გაერთიანება დარგობრივად გაუმართლებელია.
„პირველ რიგში, ჰიდრორესურსის ერთ კატეგორიაში კვალიფიცირება პრაქტიკულად შეცდომაა, რადგან არ შეიძლება სახელმწიფომ ერთნაირი მოტივაცია მისცეს დამაგროვებლიანი და მოდინებაზე მომუშავე ჰესების მშენებლობას. ისინი თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან და სულ სხვადასხვა ტიპის ბენეფიტი მოაქვს ელექტროსისტემისთვის. თუ დამაგროვებლიანი ჰესი უმნიშვნელოვანესია სისტემის ბალანსისთვის, მოდინებაზე მომუშავე ჰესებს უფრო ეკონომიკური ინტეგრაციისა და ინკლუზიურობის ბენეფიტი მოაქვს. ასე ხელაღებით ერთ კატეგორიაში მათი მოქცევა არასწორია“.
მისივე თქმით, ე.წ. „გაზაფხულის პიკის“ პრობლემა, როდესაც ქვეყანაში გენერაცია მოხმარებას აჭარბებს, რაც ენერგიის იძულებით „დაღვრას“ იწვევს, ძირითადად, სწორედ მოდინებაზე მომუშავე ჰესებითაა გამოწვეული.
„ამ გაზაფხულის პიკს ჰყავს თავისი მთავარი კონტრიბუტორები, გნებავთ დამნაშავეები დავარქვათ - ეს არის მოდინებაზე მომუშავე ჰიდროსადგურები. მზეც გამოიწვევს ამას, თუმცა ჩვენ მზე დიდი რაოდენობით ჯერ არ გვაქვს. ამ პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული წყარო კი მხოლოდ ქარის ენერგიაა, რომელიც ზამთარში უფრო მეტს გამოიმუშავებს. თუ ჩვენ უპირატესობას მხოლოდ მოდინებაზე მომუშავე ჰესებს მივანიჭებთ, 10 წლის შემდეგ გაცილებით მწვავე და ექსტრემალური სიტუაცია დაგვიდგება. ქვეყნის ენერგეტიკულმა პოლიტიკამ პრიორიტეტი ზამთრის ენერგიის მომტან წყაროებს უნდა მიანიჭოს“.
ბახტურიძის აზრით, პრიორიტეტების სიაში პირველ ადგილზე მსხვილი, წყალსაცავიანი ჰესები უნდა იყოს, ხოლო ქარის სადგურები და მოდინებაზე მომუშავე ჰესები მინიმუმ, ერთ კატეგორიაში უნდა გაერთიანდნენ, რადგან სისტემისთვის ქარი უფრო პროგნოზირებადი და ზამთრის დეფიციტის შემავსებელი რესურსია.
მისივე თქმით, გაურკვეველმა რეგულაციებმა ინვესტორებს შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას.
„რაციონალური ინვესტორის გადმოსახედიდან, ის ფასები და წინადადებები, რაც მზის სადგურების მესვეურებმა სამინისტროს წარუდგინეს, ასეთ დაშვებას არ მოიცავდა. თუ ინვესტორს ეტყვით, რომ მისი გამომუშავება 20%-ით ნაკლები იქნება, ის პროექტს აღარ განახორციელებს. ეს ბევრი ინვესტორის საინვესტიციო მადას და განწყობას რეალურად შეცვლის. იმისთვის, რომ ვალდებულებები დაიფაროს, ახალი სადგურები პირველი 10-12 წელი დაღვრის და გათიშვის პრობლემისგან თავისუფალი უნდა იყვნენ“ - განმარტავს ბახტურიძე.
კერძო სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ მზის და ქარის ელექტროსადგურების მემორანდუმების გაცემა დროებით შეაჩერა. გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ქსელთან მიერთებაზე მოთხოვნა იმაზე მეტია, ვიდრე ენერგოსისტემას ენერგიის ათვისება შეუძლია. უწყება შიშობს, რომ გარკვეულ პერიოდებში, მაგალითად გაზაფხულზე, როდესაც ჰესების, მზის და ქარის მიწოდება პიკზეა, ენერგიის ისეთი სიჭარბე წარმოიშვება, რომლის ექსპორტზე გატანა ან სისტემაში დატოვება ვერ მოხერხდება. შესაბამისად, სამინისტრომ სექტორს პრიორიტეტულობის ახალი გეგმა შესთავაზა - თუ რომელი სადგური უნდა გაითიშოს სისტემიდან პირველ რიგში ჭარბი ენერგიის წარმოქმნის შემთხვევაში. ეკონომიკის სამინისტრო განიხილავს, რომ პირველ რიგში სიმძლავრე უნდა შეუმცირდეს ან გაითიშოს მზის ელექტროსადგურები; შემდეგ - ქარის სადგურები; ბოლოს კი - ჰესები.

























