მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრიორიტეტული გახდა მცირე და საშუალო ბიზნესი" - რა ცვლილებებია პროგრამაში "აწარმოე საქართველოში"?

5e3d4b7849b0b
ნუცა ბაზლიძე
07.02.20 16:00
2380
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მამუკელაშვილმა გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში ის ცვლილებები განმარტა, რომელიც ექსპორტიორი და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის შერჩევის განახლებულ კრიტერიუმებსა და თანადაფინანსების მექანიზმებს შეეხება.

„ცვლილების შედეგად პრიორიტეტულ მდგომარეობაში ჩადგა მცირე და საშუალო ბიზნესი. საწარმოს ზომას მნიშვნელოვანი როლი აქვს, როგორც კომპანიების სელექციისას, ასევე თანადაფინანსების პროცენტული ოდენობის განსაზღვრაში. ასევე, საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციის მიზნით შემოდის პროცესში კვოტირების წესი და ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საერთაშორისო ღონისძიებებზე ბევრად დივერსიფიცირებული პორტფელით წარვდგებით, შერჩევისას ერთი და იგივე პროდუქტის მწარმოებელთა რიცხვი არ შეიძლება აღემატებოდეს საერთო რაოდენობის 25%-ს“, - აღნიშნავს ნიკა მამუკელაშვილი.

ამასთან, მამუკელაშვილის განმარტებით, მათ აქვთ ექსპორტის მზაობის ტესტი, რომელიც ადგენს პოტენციალს თითოეული კომპანიისთვის, რაც ეხმარება როგორც კომპანიას, რომ გაიგონ, რამდენად მზად არიან ექსპორტისთვის, ასევე სააგნეტოს, რათა სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.

„რაც შეეხება საერთაშორისო ღონისძიებებს, ამ მიმართულებით არსებობს ოქროს სია, ეს ნიშნავს იმას, რომ შესაბამის ქვეყანაში თუ გაერთიანებაში არის ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული საერთაშორისო გამოფენა და ღონისძიება, სადაც ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ეს არ ზღუდავს კომპანიებს, რომ სხვა ღონისძიებებსა თუ გამოფენებში მიიღონ მონაწილეობა და ჩვენ თანადაფინანსებაში შევიდეთ“, - განმარტავს მამუკელაშვილი და დასძენს, რომ საერთაშორისო ღონისძიებეში მონაწილეობის თანადაფინანსება 50%-დან 90%-მდეა განსაზღვრული.

ექსპორტიორი და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის შერჩევის განახლებული კრიტერიუმები და თანადაფინანსების მექანიზმების პრეზენტაცია დღეს შედგა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები