მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრობლემაა ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოების ნაკლებობა" - სოლომონ პავლიაშვილი

ნარჩენები

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა მგვ-ს დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებელი/იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

მინისტრის მოადგილემ მგვ-ის შესრულების კუთხით განხორციელებული სამუშაოები და მიღწეული შედეგები პოზიტიურად შეაფასა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს არსებული გამოწვევების დაძლევაში მხარდაჭერა აღუთქვა.

„მგვ-ს დაქვემდებარებული პროდუქციის ნარჩენების შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს.  შედეგები არის პოზიტიური,  თუმცა კვლავ რჩება გამოწვევები, მათ შორის  ერთ-ერთი ძირითადი არის გადამმუშავებელი საწარმოების ნაკლებობა. ცირკულარული ეკონომიკის დანერგვისთვის, მწვანე ეკონომიკის წახალისებისთვის გადამმუშავებელი საწარმოების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მქონე ორგანიზაციების მხრიდან ამ კუთხით  მზაობა არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, აუცილებელია სახელმწიფოს მხარდაჭერა, დონორების მოზიდვა.

გასათვალისწინებელია, რომ ეს პირველი წელია და დარწმუნებული ვარ,  საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მგვ ორგანიზაციებთან ერთად, შევძლებთ მომავალი წლისთვის შედეგები კიდევ უფრო პოზიტიური იყოს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე ნარჩენების მართვის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანო მთვრალაშვილმა აღნიშნა, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული შედეგები მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაუმჯობესდება. იმ გეგმების შესასრულებლად კი, რაც მგვ ორგანიზაციებს აქვთ, საჭიროა მიზანმიმართული მუშაობა და გადამმუშავებელი ინდუსტრიის შექმნის საქმეში ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა.  
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებულ პროდუქციის მწარმოებლებს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ, რაც გულისხმობს: მგვ-ის ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის გავლას, მგვ ორგანიზაციის წევრობას და შემოტანილი პროდუქციის ნარჩენების შემდგომი მართვის საკითხზე ვალდებულების აღებას. ასევე, მგვ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან, ბაზარზე არ განათავსონ იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქტები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები