მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრობლემების შექმნა და გადაჭრისთვის დათმობების მოთხოვნა კრემლის ჩვეული ტაქტიკაა - ვალერი ჩეჩელაშვილი

ვალერი ჩეჩელაშვილი

რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთ-საქართველოს აღდგენილი პირდაპირი დიალოგის მომდევნო რაუნდების მონაცვლეობით მოსკოვსა და თბილისში გამართვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ვალერი ჩეჩელაშვილის აზრით, თბილისში რუსეთის ოფიციალური დელეგაციის ჩამოსვლა, რუსული სიმბოლიკისა და ჰიმნის თანხლებით, საზოგადოებაში უმწვავეს პროტესტს გამოიწვევს და ხელისუფლებასაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. ალტერნატივად იგი პრაღის ფორმატში დაბრუნებას, ან ახალი ფორმატის შეხვედრების მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებში - ერევანსა და ბაქოში გამართვას განიხილავს.

ამასთან, “საქმის კურსთან” ინტერვიუში დიპლომატი აცხადებს, რომ რუსეთის მსარის წარმომადგენელ მიხეილ გალუზინთან შეხვედრისას ქართული მხარის პოზიცია არ იყო სათანადოდ მომზადებული, მისი ქართველი ვიზავის - პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილის „გაოგნება“ უსაფუძვლოა. როგორც ჩეჩელაშვილმა განმარტა, რუსეთის მხრიდან ხელოვნური პრობლემების შექმნა და შემდეგ მათი გადაჭრის სანაცვლოდ დათმობების მოთხოვნა კრემლის ფართოდ ცნობილი, ჩვეული დიპლომატიური ტაქტიკაა.

“ძალიან კარგია, რომ ბატონი გიორგი ზურაბაშვილი ერთობ გამოფხიზლდა ამ რაუნდის შემდგომ და იმედი მაქვს, ჩვენი დელეგაცია უფრო კარგად მოემზადება მომდევნო რაუნდებისთვის. ჩემთვის ცხადია, რომ ქართული მხარის პოზიცია სათანადოდ მომზადებული არ იყო - შედეგები ჩვენ ვნახეთ. რაც შეეხება გაოცება-გაკვირვებას, აქ რეალურად, არაფერი იყო გასაკვირი: ეს რუსების ჩვეული ტაქტიკაა მოლაპარაკებებზე - შექმნან რაღაც პატარა პრობლემები, მერე კი თითქოსდა გადაჭრან, რასაც მათი მხრიდან დიდ დათმობად წარმოაჩენენ და სანაცვლოდ გაცილებით უფრო მეტის მიღებას ითხოვენ. ვისაც რუსებთან მოლაპარაკებების გამოცდილება ჰქონდა, ეს ძალიან კარგად იცის და ზუსტად ამაზე მიუთითებდნენ ექსპერტები" - აღნიშნა ყოფილმა ელჩმა.

მისი ვარაუდით, შემდგომში რუსულმა მხარემ შესაძლოა, მოინდომოს მოლაპარაკებების მოსკოვში ან/და თბილისში ჩატარება და ამაზე დათანხმება არ შეიძლება:

"ეს ჩვენი მხრიდან ძალიან დიდი დათმობა და შეცდომა იქნებოდა, რადგან მოლაპარაკებათა გამართვა მოსკოვში და მით უფრო თბილისში ორმხრივი ურთიერთობების უფრო მეტად გაოფიციალურებას და პროცედურულ-პროტოკოლური თვალსაზრისით, უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას ნიშნავს, რაც ყოვლად დაუშვებელია".

გამოცდილი დიპლომატი საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე რჩევას აძლევს.

"არავითარი მინსკი, არავითარი მოსკოვი, არანაირი მოლაპარაკებები თბილისში! საჭიროა პოზიციის უფრო წიგნიერი მომზადება და სხვა ალტერნატივის შეთავაზება. ყველაზე კარგი ან პრაღაში დაბრუნება, ან ერევანი, ან ბაქო იქნებოდა... აუცილებელია საკუთარი დღის წესრიგისა და არგუმენტების სისტემის უფრო კარგად მომზადება, რომ რუსებთან ურთიერთობაში ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ”,-აცხადებს ჩეჩელაშვილი "საქმის კურსთან" ინტერვიუში.

რუსეთთან შეხვედრები შესაძლოა, მონაცვლეობით მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს - კობახიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები