"პროკრედიტ ბანკის" ბიზნესის მხარდაჭერის საერთაშორისო B2B პლატფორმა ProConnect-ზე, დღეისთვის 12 ქვეყნიდან 3 500 კომპანიაა რეგისტრირებული. ახალი ციფრული ჰაბის შედეგებზე „საქმიან დილაში“ „პროკრედიტ ბანკის“ საშუალო ბიზნესის განვითარების განყოფილების წარმომადგენელმა და ProConnect-ის პროექტის მენეჯერმა ზურაბ მურაკაშვილმა ისაუბრა.
რამდენიმე თვეა, რაც „პროკრედიტ ბანკმა“ ბიზნესების არაფინანსური მხარდაჭერის პლატფორმა აამოქმედა. ProConnect ინოვაციური ციფრული ბიზნეს ჰაბია, რომელიც კომპანიებს საერთაშორისო პარტნიორებისა და ახალი ბაზრების მოძიებაში ეხმარება.
კარგი შედეგების მიუხედავად, პროექტის მენეჯერს პლატფორმისადმი ინტერესის ზრდის პოზიტიური მოლოდინები აქვს.
„ProConnect-ის პლატფორმის შედეგებმა მოლოდინს უკვე გადააჭარბა. ნოემბრის შუა რიცხვებში, „საქმიან დილაში“ პლატფორმის დაანონსებისას, ციფრულ სივრცეში რამდენიმე ასეული კომპანია იყო რეგისტრირებული. დღეს უკვე, სულ რაღაც რამდენიმე თვეში, ProConnect-ზე 12 ქვეყნის მასშტაბით 3500 კომპანიაა რეგისტრირებული. შესაბამისად, ციფრები იმაზე მეტყველებს, რომ დაინტერესება ძალიან მაღალია, კომპანიები რეგისტრირდებიან, იწყებენ მოკვლევას და პოულობენ, ეძებენ და პოულობენ მათთვის სასურველ პარტნიორებს.
ეს ძალიან კარგი შედეგია და კიდევ უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს, რადგანაც „პროკრედიტის“ ჰოლდინგის ჭრილში ჩვენ 80 000 ბიზნეს პარტნიორს ვფარავთ, შესაბამისად, ახალი პლატფორმის ზრდის კუთხითაც უფრო დიდ რიცხვებზე გავალთ“, - ამბობს ზურაბ მურაკაშვილი.
პროექტის მენეჯერი განმარტავს, რომ ProConnect-ზე არამხოლოდ პროდუქტის ექსპორტ-იმპორტიორი კომპანიები, არამედ სერვისების მიმწოდებელი ბიზნესებიც რეგისტრირდებიან.
„ძალიან საინტერესოა ის კომპოზიცია, რომლისგანაც ეს 3500 კომპანია შედგება, მათ შორის ქართული კომპანიებიც, რომლებიც ProConnect-ზე უკვე დარეგისტრირებული არიან. ეს არ არის მხოლოდ ტრადიციული ექსპორტ-იმპორტის ტიპის კომპანიები. ძალიან კარგი სიგნალია ის, რომ იგივე ქართული კომპანიები წარმოდგენილები არიან IT და სერვისის სფეროდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ექსპორტზე ვცდილობთ გავიტანოთ არა მხოლოდ ტრადიციული საექსპორტო პროდუქტები, არამედ სერვისები და მათ შორის IT სერვისები - ასეთი კომპანიების წილი დაახლოებით, 20-30%-ია“, - განაცხადა მურაკაშვილმა ახალი პლატფორმის შედეგების შეფასებისას.
მისივე ინფორმაციით, 26 თებერვალს 15:00 საათზე, „პროკრედიტ ბანკი“ ახალი პლატფორმის შესახებ ბიზნესისთვის ვებინარს გამართავს.




























