"არაპროფილური აქტივები ბანკს არ აქვს და არასდროს გვიცდია სხვა სექტორში შესვლა", - განაცხადა "ბიზნესკონტრაქტის" კითხვაზე საპასუხოდ, პროკრედიტ ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კლაუს პიტერ ცაიტინგერმა. მისი განცხადებით, ბანკის ზედამხედველობა ზორციელდება როგორც გერმანიაში, ასევე საქართველოშიც და „ეს ასეც უნდა იყოს".
"გერმანიაში ჩვენს ჰოლდინგს ზედამხედველობას უწევენ, რეგულატორები საკმაოდ ხშირად მოდიან და 4 კვირის განმავლობაშიც კი ამოწმებენ სხვადასხვა საკითხებს, თუ არის მაგალითად რაიმე სახის რისკი. ჩვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
ჩვენ ასევე გვყავს ქართული ზედამხედველიც. პროკრედიტ ბანკს არ აქვს არასაბანკო აქტივები, ჩვენ არასდროს გვიცდია შეგვეძინა სახვა სექტორის აქტივები.
ევროპული გამოცდილებითაც ეს ასეა და ბანკებს სხვა ბიზნესი არ აქვთ, რათა არ შეიქმნას ინტერესთა კონფლიქტი, რაც საქმეს ყოველთვის ართულებს.
ვთვლი, რომ შესაბამისი უწყებები საკმარისი ნდობა აქვთ რომ კონტროლი განახორციელონ“, - განაცხადა კლაუს პიტერ ცაიტინგერმა.
პროკრედიტ ბანკში აცხადებენ, რომ ახალი კანონმდებლობის განხილვაში მონაწილეობას არ იღებენ, რადგან, მათ ბანკს არაპროფილური აქტივები არ აქვს. ბანკის დირექტორის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი ინტერესთა კონფლიქტი არსებობს, ის უნდა გაიმიჯნოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
"ეს საკითხი დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში განიხილება, პროკრედიტ ბანკი არის ბანკი და სხვა ბიზნესში არ არის ჩართული. ჩვენი მხრიდან განხილვებში ჩართულობასაც ალბათ დიდი აზრი არ აქვს, ეს დინამიკა და განხილვები არის სწორი და პოზიტიურად ვაფასებთ, მაგრამ ჩვენი მხრიდან მასში არ ვმონაწილეობთ. მტავარია, რომ არ არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი. ჩვენი პოზიციაა, რომ ბანკი უნდა აკეთებდეს საბანკო საქმეს“, - აცხადებს ბანკის დირექტორი.

























