საბანკო სექტორი სასოფლო მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით პარლამენტში შესულ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს. როგორც “პროკრედიტბანკის” დირექტორი ქეთევან ხუსკივაძემ განაცხადა, ხელისუფლებასთან კონსულტაციების მიუხედავად, სახეშეცვლილი ვარიანტიც რისკებს შეიცავს.
“სახეშეცვლილი კანონპროექტი რა სახითაც არის წარმოდგენილი და განიხილება პარლამენტში, ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს ბადებს, ბევრი რისკებს ვხედავთ” –განაცხადა პროკრედიტ ბანკის დირექტორმა ქეთევან ხუსკივაძემ.
მისი თქმით, აგრო სესხები ბევრ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან საბანკო სექტორის ძირითადი დამფუძნებლები უცხოელები არიან. “შესაბამისად პრობლემურის სესხის შემთხვევაში ვერ მოხდება სასოფლო მიწის რეალიზაცია, ეს კი მტკივნეული თემაა”. –აღნიშნა ხუსკივაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიწის შესახებ კანონზე საკუთარი პოზიცია საბანკო სექტორმა ბიზნესომბუდსმენსაც გააცნო. ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ სექტორს, შესაძლოა სასოფლო-სამეურნეო სექტორის დაკრედიტების პრობლემა შეექმნას. მიწის შესახებ ორგანულ კანონზე მუშაობა ჯერ-ჯერობით არ დასრულებულა. გასულ წელს, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელისთვის მიყიდვა იზღუდება.
კერძო სექტორი ამბობს, რომ ,,მიწის შესახებ კანონით’’ ბანკებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დასაკუთრებისა და შემდგომ რეალიზაციის პრობლემა შეექმნებათ, შესაბამისად ეს გამოიწვევს იმას, რომ ბანკები უარს იტყვიან აგრარული სექტორის დაკრედიტებაზე.
ეროვნული ბანკის პრეზიდეტი, კობა გვენეტაძე ამბობს, რომ მიწებთან დაკავშირებით საბანკო სექტორის პრობლემებს არ იცნობს.

























