საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალაში მომავალი წლის პირველი იანვრიდან შედის. შედეგად, ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94% გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, კაბელები და ა.შ.
"კახურ ტრადიციულ მეღვინეობას" ჩინეთში ალკოჰოლური სასმელები და „ნენას“ პროდუქცია შეაქვს. კომპანიის ხელმღვანელი ზურაბ ჩხაიძე საბაჟო ტარიფების გაუქმების შემდეგ პროდუქციის გაიაფებას ელოდება.
მისი თქმით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული საქონლის თვითღირებულება შემცირდება, რაც მას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.
"პროდუქცია უფრო დაბალ სეგენტში შევა, უფრო კონკურენტუნარიანი გახდება, შესაბამისად, უფრო დიდი იქნება მოცვა. თავისუფალი ვაჭრობა ეს არის უფრო მეტი კომუნიკაცია, უფრო მეტი სავაჭრო ურთიერთობა და მეტი ექსპორტირებული პროდუქცია",- აცხადებს ბიზნესმენი.
მისივე შეფასებით, ქართულ პროდუქციასთან ერთად გაიაფდება ასევე ჩინეთიდან შემოსული საქონელი, რაც შეღავათი იქნება ქართველი მომხმარებლისთვის.
ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობისთვის კომპანია ბოლო რამდენიმე წელია ემზადება და ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. მისივე თქმით, კომპანიამ გაზარდა წარმადობა არამარტო ალკოჰოლური, არამედ საწებლებისა და ჯემების ქარხნის მიმართულებით.
ჩინეთში იყიდება ასევე წალენჯიხაში წარმოებული ქართული ჩაი. კომპანია „ლაზის“ დირექტორი გონერ სალია ამბობს, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა პროდუქციაზე მოთხოვნას გაზრდის. ბიზნესმენი იხსენებს, რომ 2 წლის წინ, როდესაც ჩინელებმა პირველად წაიღეს ქართული ჩაი ჩინეთში, სერიოზული ბარიერები შეხვდათ, თავისუფალი ვაჭრობა კი ამ პრობლემებს მოხსნის. გონერ სალიას თქმით, ბარიერების მოხსნა, სავარაუდოდ, ქართული ჩაის ფასზეც იმოქმედებს. ამჟამად კომპანია „ლაზი“ ჩინელებს ჩაის 10 დოლარად აბარებს, პროდუქცია ჩინეთში იფუთება და დაახლოებით 100 დოლარად იყიდება.

























