მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტი 2018 წლის 1 სექტემბრის ნაცვლად, 2019 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება. ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს სურსათის ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ზოგად პრინციპებს, ახალ მოთხოვნებს და ინფორმაციის წარდგენის პროცედურებს. დადგენილებით არსებითად იცვლება იმ სავალდებულო მონაცემების ჩამონათვალი, რომელიც დატანილ უნდა იქნეს პროდუქტზე მისი ეტიკეტირებისას. შესაბამისად ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე საჭიროა პროდუქციის ეტიკეტში ცვლილების შეტანა.
„კომპანიები ახორციელებენ მრავალი სახეობის პროდუქციის მასობრივ და უწყვეტ წარმოებას, რომელთაც გააჩნიათ შენახვის/ვარგისიანობის დიდი ვადა. პროდუქცია ამ ეტაპზე სადისტრიბუციო კომპანიების მიერ ჩაშვებულია ბრუნვაში და იგი სარეალიზაციო ქსელში განთავსებული შეიძლება იყოს რამდენიმე თვის განმავალობაში. აღნიშნულ პროდუქციაზე კი ეტიკეტები დატანილია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N441 დადგენილებით დამტკიცებული სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით. შესაბამისად, 2018 წლის 1 სექტემბრამდე კომპანიები ვერ ახერხებენ აღნიშნული მარაგის ამოწურვას, მისი ჩამოწერა და განადგურება კი, დიდი ფინანსური ზარალის მომტანი იქნება მათთვის.
პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან კონსულტაციების შედეგად, კომპანიების მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება 6 თვით გადავადდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

























