"პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში" ცვლილებების პროექტი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა. ჩამოყალიბდა სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს "ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედვეობის სააგენტოს’’ მოახდინოს რეაგირება ისეთ სამომხმარებლო და ინდუსტრიულ პროდუქტებზე, რომელიც ბაზარზეა განთავსებული და საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და გარემოს. მას შემდეგ, რაც პარლამენტი კოდექსში შესატან ცვლილებებს დაამტკიცებს, მეწარმეები ვალდებულნი იქნებიან ზედამხედველს შესაბამისობის სერტიფიკატი წარუდგინონ, რომელიც დაადასტურებს, რომ აღნიშნული პროდუქცია უსაფრთხოების მინიმალურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
"ეფექტური მექანიზმის არარსებობის გამო შემოვიტანეთ ეს სისტემა. მეწარმეებს დღესაც აქვთ ვალდებულება, მაგრამ მომავალში მოეთხოვებათ ისეთი დოკუმენტების ქონა, სადაც გაწერილი იქნება, რომ ის პროდუქტი, რომელსაც მეწარმეები ათავსებენ ბაზარზე შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, ტექნიკურ რეგლამენტთან და სხვა სტანდარტებთან", - განმარტავს ეკონომიკის სამინისტროს DCFTA-ის საკორდინაციო სამმართველოს უფროსი, გიორგი ჩიტაძე.
ბაზარზე განთავსებულ სამომხმარებლო და ინდუსტრიული პროდუქციის 90%-ს ზედამხედველობას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გაუწევს, თუმცა პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე ბაზრის კონტროლს ასევე სხვადასხვა უწყებები განახორციელებენ. სიცოცხლისთვის საშიში პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში ზედამხედველი შესაბამის ზომებს მიიღებს.
"ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ექნება სამი ძირითადი ფუნქცია: ეს იქნება პროდუქციის ბაზრიდან ამოღება, მომხმარებლისგან პროდუქტის გამოთხოვა და საფრთხის შემცველი პროდუქტების რისკის მიხედვით გარკვეული დროით გაყიდვების შეჩერების შესაძლებლობა ექნება სააგენტოს", -ამბობს ჩიტაძე.
კოდექსში ცვლილებების მთავარი პრინციპი ბაზარზე საფრთხის შემცველი პროდუქციის განთავსების პრევენციაა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ბაზარზე უსაფრთხო პროდუქციის განთავსების პასუხისმგებლობა თავად მეწარმეს ეკისრება.

























