"აზოტოვან სასუქებსა და ამონიუმის ნიტრატზე ფასები შემცირებულია", - ამის შესახებ Indorama Caucasus -ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ბურდილაძემ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა რუსული კომპანიებია, რომლებიც პროდუქციას დემპინგურ ფასად ყიდიან.
"დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ. სავარაუდოდ, მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ზაფხულში ფასების კიდევ უფრო დაიკლებს. მთავარი მიზეზი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მწარმოებელი კომპანიებია, რუსეთის კომპანიებს ვგულისხმობ. მათი საკუთარი ბუნებრივი გაზი გააჩნიათ, რომელიც, ჩვენთან შედარებით, იაფია. რუსი მწარმოებლები აქტიურად ახორციელებენ თავიანთი პროდუქციის რეალიზაციას დემპინგურ ფასად, რაც გავლენას იქონიებს მსოფლიოს ბაზრებზე და იძულებულს გვხდის, "რუსთავის აზოტსაც" და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებსაც, რომ პროდუქცია შემცირებულ ფასად გავყიდოთ", - აღნიშნა ლევან ბურდილაძემ.
როგორც ლევან ბურდილაძემ განაცხადა, რომ არა ევროკავშირის მხრიდან "რუსთავის აზოტისთვის" მინიჭებული გარკვეული პრიორიტეტები, საწარმოს ფუნქციონირება გაუჭირდებოდა.
"კარგია, რომ ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ, საქართველოს პრიორიტეტი მიენიჭა და "რუსთავის აზოტს" შეუძლია, ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ანტიდემპინგური და საბაჟო მოსაკრებლების გადახდის ვალდებულების გარეშე შეუძლია. ეს დიდ უპირატესობას გვანიჭებს. ეს რომ არ ყოფილიყო, გადარჩენა ძალიან გაგვიჭირდებოდა", - აღნიშნა ლევან ბურდილაძემ.