მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პროდუქციის გაიაფების თუ არა, სტაბილური ფასების შენარჩუნების შესაძლებლობას ვხედავთ" - დისტრიბუტორთა ასოციაცია

ლაშა რიჟამაძე

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პროდუქტის ფასწარმოქმნაზე მთელი რიგი პრობლემები მოქმედებს, რის მოსაგვარებლადაც ნაბიჯებია გადასადგმელი. ამის შესახებ ლაშა რიჟამაძემ ჟურნალისტებს „ფასების სამთავრობო კომისიასთან“ შეხვედრამდე განუცხადა.

ჩვენ ვხედავთ როგორც მინიმუმ, გაიაფების თუ არა, სტაბილური ფასების შენარჩუნების შესაძლებლობას“, - განაცხადა მან.

საქმე ის არის, რომ დღეს „ფასების სამთავრობო კომისიის“ წევრები, პროდუქტის ფასების შემცირების საკითხზე სადისტრიბუციო კომპანიებს ხვდებიან. შეხვედრა ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში იწყება.

ლაშა რიჟამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სურსათის ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე GDBA წლების განმავლობაში საუბრობდა. მან იმედი გამოთქვა, რომ დისტრიბუტორებისა და საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ურთიერთობები არსებული სირთულეები საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად იქნება გადაჭრილი. კითხვაზე - არსებობს თუ არა პროდუქტის ფასების შემცირების რესურსი და სად ხედავს ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელი ამ რესურსს, რიჟამაძე პასუხობს, რომ თუ რაიმე ფასნამატი აქვთ პირველად მწარმოებლებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს, ეს ისევ მარკეტებთან არსებული შეთანხმებებიდან გამომდინარეობს, რადგან მათ ქსელში შესვლის გარკვეული პირობები აქვთ.

„იმედს ვიტოვებთ, რომ ის პრობლემები, რომელზეც მათ შორის პრემიერის განცხადებაში იყო საუბარი და რომელიც საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებთან ურთიერთობაში არსებობს, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად იქნება გადაჭრილი, ისე რომ არცერთი ბიზნეს სუბიექტი არ დაზარალდეს და ფასებზე, ფასწარმოქმნაზე დადებითი ზეგავლენა ჰქონდეს. გარდა აღნიშნულისა, არსებობს მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებენ ფასზე და კომპლექსურად მთელი რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი, რომელიც დაკავშირებულია დროსთან, მათ შორის, იმისთვის, რომ ფასწარმოქმნაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს.

სადისტრიბუციო სექტორისთვის, თუკი საცალო ვაჭრობის ქსელური მარკეტების მიერ დაწესებული გადასახადები რეგულირების ჩარჩოში მოექცევა, არსებობს სივრცე, რომ გამოათავისუფლონ თანხა და ის გადასახადები დაზოგონ, რაც ფასზე საბოლოოდ დადებით ზეგავლენას მოახდენს. რეალურად თითოეული ის დამატებითი ხარჯი, რომელსაც ქსელური მარკეტი აწესებს, გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს ფასზე. რაც შეეხება დისტრიბუტორებს, დისტრიბუტორი და ადგილობრივი მწარმოებელი იძულებულია ქსელური მარკეტის მიერ დაყენებულ პირობებს დასთანხმდეს - ე.წ. ქეშბექი, შესვლის გადასახადი, თაროს გადასახადი და კიდევ სხვა დამატებითი ხარჯები - ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ფასში ისახება. ანუ დოკუმენტურად შეიძლება ჩანდეს, რომ ფასნამატი არის მწარმოებლის, რეალურად იმ ფასნამატიდან ისევ საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტთან ხდება თანხის მობილიზება“, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კარტელური გარიგებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„თუკი ასეთი არსებობს, რა თქმა უნდა, იქნება ეს კონკურენციის სააგენტოს ფინანსური სანქცია თუ სხვა შესაძლო სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოიძიონ და ბოლომდე მიიყვანონ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ასოციაციამ კონკურენციის სააგენტოს გასულ პერიოდებში მიმართა, მათ შორის გაერთიანებებთან დაკავშირებით, რომ თუკი იქნებოდა რაიმე ტიპის ისეთი გაერთიანება, რომელსაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოეხდინა ბაზარზე, მოეწოდებინა ინფორმაცია ასოციაციისთვის, რათა შესაძლებლობა მოგვცემოდა წარმოგვედგინა ჩვენი პოზიციები“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები