"გრანტების შესახებ" კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, 2025 წლიდან "ევროპული ბიზნეს ასოციაცია" (EBA) სრულად წევრების მიერ მართული ორგანიზაცია გახდა - ამის შესახებ "ანალიტიკას" ეთერში ორგანიზაციის მმართველმა დირექტორმა, მარიამ ქუჩულორიამ ისაუბრა.
"ევროპული ბიზნეს ასოციაცია აერთიანებს 100-ზე მეტ კომპანიას, როგორც ევროპული ინვესტიციით, რომლებიც საქმიანობენ საქართველოში, ასევე ქართულ კომპანიებს, რომელთაც აქვთ დაინტერესება ევროპული ბაზრით, აქვთ სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები, ან სურთ ამ პროცესში ჩართვა. ევროპული ბიზნეს ასოციაცია სრულად არის წევრების მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი – ეს არის ჩვენი 2025 წლის სტრატეგიული მიზნის შემადგენელი ნაწილი. გასული წლების განმავლობაში ევროპული ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობდა როგორც საერთაშორისო დონორებთან, ასევე აქტიურად წარმოადგენდა წევრების ინტერესებს, თუმცა 2025 წლიდან ასოციაცია გახდა სრულად წევრების მიერ მართული ორგანიზაცია, რაც გამოიხატება სხვადასხვა კუთხით წევრების ჩართულობის გაძლიერებაში.
საკანონმდებლო ცვლილებებმა ჩვენ მოგვცა იმის სტიმული, რომ წევრების ჩართულობით ეს ასოციაცია ყოფილიყო ისეთი, როგორიც დღეს საქართველოს ბიზნეს ეკოსისტემას შეესაბამება. ჩვენ მუდმივად ვართ წევრებთან ახლო კონტაქტზე, ვიკვლევთ მათ საჭიროებებს სექტორულად, ისევე როგორც საკითხებს, რომელიც სხვადასხვა სექტორისთვის არის საერთო და ეს იყო ერთიანი გადაწყვეტილება როგორც ბორდის, ასევე წევრების, რომ წევრებს გაეგრძელებინათ ერთმანეთის მხარდაჭერა სწორედ ასე", - ამბობს მარიამ ქუჩულორია.
როგორც ის აღნიშნავს, მიუხედავად დონორების მხრიდან დაფინანსების შეჩერებისა და ზოგიერთი პროგრამის სრულად გაუქმებისა, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა თავიანთი პროექტები შეინარჩუნეს და კვლავ ახორციელებენ.
"ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანებული არიან ისეთი კომპანიები, რომელთათვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის მდგრადი განვითარება, სოციალური პასუხისმგებლობა. ერთიანად, ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიები ასაქმებენ 30,000-ზე მეტ თანამშრომელს და ახორციელებენ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს, როგორებიცაა ახალგაზრდების გაძლიერებასთან, უნარების გაძლიერებასთან, ქალთა ეკონომიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული პროგრამები. ის პროექტები, რაც წლების წინ საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ხორციელდებოდა, ჩვენმა წევრებმა აქტიურად გააგრძელეს.
მაგალითად კარგად გახსოვთ უნარების მხარდაჭერის პროექტი USAID-ის მიერ დაფინანსებული. ჩვენც ვიყავით ამ პროგრამის ბენეფიციარები, ჩვენს წევრებთან ერთად, რომ მათაც მიეღოთ სარგებელი, რასაც ეს პროგრამა იძლეოდა, თუმცა ამ პროგრამის დახურვის შემდეგ (USAID მოგეხსენებათ, რომ დაიხურა ყველა ქვეყანაში, არა მხოლოდ საქართველოში) ჩვენმა წევრებმა გააგრძელეს ის პროცესი, რაც დაიწყეს USAID-ის მხარდაჭერით. ძალიან მეამაყება ეს.
სამი პროექტი განვახორციელეთ თავდაპირველად USAID-ის მხარდაჭერით, თუმცა იმ ნაწილს, სადაც ჩვენ დონორი გვთხოვდა მდგრადობას – თუ როგორ გაგრძელდება ეს პროექტი ამ დონორული მხარდაჭერის შემდეგ – ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდით და ჩვენმა სამივე წევრმა ეს გააგრძელა", - ამბობს "ევროპული ბიზნეს ასოციაციის" მმართველი დირექტორი.




























