2019 წლიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა სახელმწიფოსგან სტარტაპის ღირებულების 40%-ს გრანტის სახით მიიღებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის შეფასებით, პროგრამის მაღალმთიან რეგიონებში დანერგვა მათ ეკონომიკურ საქმიანობას გააძლიერებს.
„ახალგაზრდა ფერმერების პროგრამა გავრცელდება მთიან რეგიონებში ყველა მოსახლისთვის, რათა მათ შექმნან მეტი ინფრასტრუქტურა ეკოტურისტული სერვისების განვითარების მიმართულებისთვის. ეს იქნება მცირე სასტუმრო სახლები, სხვადასხვა ტურისტული სერვისები, რომელის დაფინანსებაც მოსახლეობას სჭირდება სახელმწიფოსგან საგრანტო ფორმით. ეს პროექტები სამინისტროს უკვე მზად აქვს და დაიწყება 2019 წელს" - აღნიშნა წლის შემაჯამებელ კონფერენციაზე ლევან დავითაშვილმა.
პროექტი „ახალგაზრდა მეწარმე“ 2018 წელს დაიწყო და მისი მიზანი სოფლად დასაქმების ხელშეწყობაა. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეები საკუთარი სტარტაპის ღირებულების 40%-ს მთავრობისგან გრანტის სახით იღებენ. ამ დროისთვის პროგრამის ფარგლებში ხელშეკრულება 100-ზე მეტ ახალგაზრდასთან გაფორმდა.

























