2017 წელს თბილისის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული იყო, რომ ტერიტორიას საცხოვრებელი ზონა 6-ის სტატუსი ადევს, საპროექტო განაშენიანების რეგულირების გეგმით კი დაგეგმილია მრავალფუნქციური კომპლექსის ფუნქციით განვითარება, სადაც მიწისქვეშა სართულები ავტოპარკინგს უნდა დათმობოდა.
„პროექტით, ტერიტორიის გამწვანებული ნაწილი სრულად შენარჩუნებულია და დანარჩენი თავისუფალი ნაწილი ასევე გამწვანდება და კეთილმოეწყობა, გათვალისწინებულია ღია სპორტული მოედნის მოწყობა რომელიც შიდა ეზოს მხარეს არის დაგეგმილი. სატრანსპორტო თვალსაზრისით გათვალისწინებულია შიდა გზის მოწყობა, რის შედეგადაც გზა შენობას გარშემო შემოუვლის“,- ნათქვამი იყო დოკუმენტაციაში.
აღნიშნული პროექტი წესით აღარ განხორციელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება და ადგილზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი მოეწყობა. ამ ტერიტორიის სანაცვლოდ მიწის მესაკუთრეს ადგილმონაცვლეობას სთავაზობენ, თუმცა, რა ფართობებზეა საუბარი, მერიაში არ აკონკრეტებენ.

























