მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფესიები პანდემიის შემდეგ - რომელი ვერ გაუძლებს COVID-19-ს?

600528e214a80
თათია კაკიაშვილი
19.01.21 00:15
1348

არსებობს პროფესიები და საქმიანობები, რომლებიც შესაძლოა, პანდემიის დასრულების შემდეგაც კი აღარ აღდგეს და ასეთ სფეროებში დასაქმებული ადამიანების ახალი კარიერული განვითარება დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოწვევაა.

"ნიუ-იორკ ტაიმსის" ინფორმაციით, ამერიკის შრომის ბაზრის მონაცემებს თუ დავუჯერებთ, 2020 წლის თებერვლიდან აპრილამდე პერიოდში სულ 22 მილიონი სამუშაო ადგილი გაუქმდა, თუმცა ნახევარზე მეტი, ანუ 12 მილიონი ადგილი, ამ დროისთვის აღდგენილია. დარჩენილი საქმიანობები და სპეციალობები კი იმ ნუსხაში შედის, რომელიც დიდი ალბათობით, მსოფლიო მოსახლეობის ვაქცინაციის და COVID 19-ის დამარცხების შემთხვევაშიც კი, აღარ აღდგება. 

გამოცემა წერს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ახლა ის ადამიანები დგანან, რომლებიც მომსახურების ინდუსტრიაში არიან დასაქმებული და დაბალანაზღაურებად მუშახელად ითვლებიან: ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ გაუქმებულ სექტორებში დასაქმებული კადრები ახლა ძირითადად საცალო ვაჭრობაში და მომიჯნავე სფეროებში დაიწყებენ ახალი სამსახურების ძიებას. ხოლო, ანალიტიკოსების პროგნოზით, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი, ტურიზმი, შენობების მოვლა-პატრონობა და მსგავსი მიმართულებები ძველებულად ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში ვეღარ შეძლებს. 

და მაინც, რა ბედი ეწევათ ოფისების დიასახლისებს, სადაც დასაქმებული ადამიანები უკვე თითქმის ერთი წელია, დისტანციურად ასრულებენ დაკისრებულ სამუშაო ვალდებულებებს? რა ბედი ელით მიმტანებს, თუ რესტორნების სისტემატური მუშაობა ვეღარასდროს დაუბრუნდება ძველებურ რუტინას? პასუხი ამ კითხვებზე არაპროგნოზირებადია - ეკონომისტები შიშობენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კორონავირუსის შესუსტების ფონზე, მსოფლიო ეკონომიკა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დამატებას შეძლებს, ეს ნაბიჯი ამ დრომდე მიყენებული ზარალისთვის საკმარისი მაინც არ იქნება.

"ნიუ-იორკ ტაიმსის" ინფორმაციით, დღეს ყველაზე მეტად სამსახურის ძიება საკუთარი, ან მომიჯნავე პროფესიით დასაქმებულებს უჭირთ: მსახიობებს და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებს, ტურისტულ გიდებს და ბარ-რესტორნებში მომუშავეებს, ეს კი ის სექტორებია, რომლებიც COVID-19 პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა. თუმცა, ანალიტიკოსებს თუ დავუჯერებთ, არც ეს გამოწვევაა გადაულახავი. მაგალითად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც პანდემიამდელ ცხოვრებაში მზარეულებად მუშაობდნენ, ახლა კი კარიერას აბსოლუტურად სხვა - კოვიდმართვის ცენტრებში აგრძელებენ. “ნიუ იორკ ტაიმსი” წერს, რომ უამრავმა ადამიანმა გაიარა საჭირო ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც კოვიდინფიცირებული პირების ნუსხების შედგენას, მათ საავადმყოფოებში განაწილებას და პაციენტების შესახებ ყოველდღიური ჩანაწერების შეგროვებას გულისხმობს. 

ასე რომ, დიახ, პანდემიამ შესაძლოა, საყვარელ საქმიანობას დროებით ან სამუდამოდ ჩამოგაშოროთ, მაგრამ მზად იყავით იმისთვისაც, რომ ისეთ სექტორშიც მოსინჯოთ საკუთარი შესაძლებლობები, რაზეც ვერც კი იფიქრებით, რომ არა პანდემია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები