საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ტენდენციების გაანალიზების მიზნით დამსაქმებლების გამოკითხვა ჩაატარა. მოკვლევაში მონაწილეობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა ოცმა მსხვილმა ორგანიზაციამ მიიღო, რომლებიც ვაჭრობის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო, საფინანსო და სადაზღვევო, ტრანსპორტისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებს წარმოადგენენ.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სასურველი კადრის შერჩევისას თითოეული სექტორისათვის დამახასიათებელი იყო სირთულეები.
საფინანსო სექტორის წარმომადგენლები განიცდიან რეგიონებში კვალიფიციური კადრის ნაკლებობას მენეჯერებისა და მაღალი რანგის თანამდებობებზე.
სადაზღვევო კომპანიები სირთულეებს აწყდებიან გაყიდვების აგენტების, ქოლ ცენტრის ოპერატორებისა და პროგრამისტების თანამდებობებზე.
ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისათვის სირთულეს წარმოადგენს გამოცდილი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერების, სავაჭრო წარმომადგენლების, ბრენდ მენეჯერებისა და მძღოლების პოზიციების შევსება.
დამამუშავებელი მრეწველობის სექტორისათვის პრობლემურ საკითხს წარმოადგენს დარგის ინჟინრების, ტექნოლოგების, სისტემური ადმინისტრატორებისა და გაყიდვების კონსულტანტების პოზიციების შევსება.

























