13 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში საერთაშორისო კონფერენცია - „გამოცდილება პროფესიულ განათლებაში“ გაიხსნება, რომელიც ორ ძირითად მიზანს ისახავს.
პირველი, პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენისა და მიმოხილვის კონტექსტში მხარეება გაიზიარონ რეგიონალური და საერთაშორისო გამოცდილება. აღნიშნული მიზნის ფარგლებში მთავარი თემა იქნება - სკოლა/კოლეჯი/კომპანია, როგორც სწავლების ადგილი. მეორე მიზანს წარმოადგენს, კონფერენციის მონაწილე მხარეებმა განიხილონ დამსაქმებელთა ორგანიზაციების გაძლიერება პროფესიული განათლების სფეროსა და სოციალურ პარტნიორობაში რეგიონალურ და ეროვნულ დონეებზე (თემა: სოციალური პარტნიორობის გაუმჯობესება დამსაქმებელთა, დასაქმებულთა და განათლების სამინისტროს შორის).
კონფერენციას გახსნიან დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი დენიელ ჰაასი. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის პარტნიორები - სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, გერმანია; რეგიონალური და საერთაშორისო პარტნიორები - ყაზახეთი, ლატვია, უკრაინა; გერმანიის საელჩო, გერმანულ-ქართული საგანმანათლებლო საზოგადოება, ასევე, საქართველოს პროფკავშირები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროფესიული სასწავლებლები, სექტორული ასოციაციები და სავაჭრო პალატები.
კონფერენციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია პროფესიული განათლების სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით სოციალურ პარტნიორთა შორის ( საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია , საქართველოს პროფკავშრები , მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაცია , საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში ) მემორანდუმის ხელმოწერა, რომლის მიზანია SME სექტორისთვის განათლებისა და დასაქმების სფეროში მხარეების ერთიანი და კონკრეტული სერვისების კოორდინირებული მიწოდების შესახებ ურთიერთთანამშრომლობა.
აღსანიშნავია, რომ საკონფერენციო სივრცეში მოეწყობა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ლატვიის, ყაზახეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების პროექტის შედეგების სადემონსტრაციო მასალების გამოფენა.განსახილველ საკითხებს შორის იქნება ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორიცაა პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და სხვა.შეგახსენებთ, რომ პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტი გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით 2016 წლიდან მიმდინარეობს და მისი განმახორციელებელი საქართველოში დამსაქმებელთა ასოციაციაა (https://www.vetpartnership.com/).
კონფერენცია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

























