მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პროფესიულმა სასწავლებლებმა კერძო სექტორთან აქტიურად უნდა ითანამშრომლონ"

5ae2f8173a23f
BM.GE
27.04.18 14:07
816
პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში პროფესიული განათლების რეფორმის შეფასების მეორე ფაზა გაიმართა. კვლევამ აჩვენა, რომ რეფორმის 2013-17 წლების სამოქმედო გეგმის 83,3% შესრულებულია. ბოლო 6 თვის განმავლობაში დაინერგა მიზნობრივი ჯგუფებისთვის სტუდენტური სესხებისა და ხელშეკრულებების სისტემა. მომზადდა თვითშეფასების ინსტრუმენტები სასწავლებლებისთვის. პროფესიულ სასწავლებლებსა და საწარმოებს შორის თანამშრომლობის მოდელების პილოტირება და შეფასება ჯერ ისევ პროცესშია. არ დანერგილა კრედიტების სისტემა არაფორმალური განათლების აღიარებისათვის. პროფესიული განათლების მასწავლებლები მომზადდნენ სისტემის დონეზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად. დივერსიფიცირებული დაფინანსების მოდელი ჯერ არ შექმნილა და არ განსაზღვრულა კერძო სექტორის მინიმალური სტანდარტი პრაქტიკისა და გამოცდების პროცესებში ჩართვისთვის

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ბევრ პროფესიულ კოლეჯში ინფრასტრუქტურული ვითარება გაუმჯობესდა, თუმცა აუცილებელია, პროფესიული სასწავლებლები მოერგონ ახალ რეალობას და გააუმჯობესონ სწავლების მეთოდები, რათა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თანხვედრაში იყონ. სამუშაო სწავლების მოდელზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, როგორ გაიზარდოს მასშტაბები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროფესიულ განათლებაში სახელმწიფომ სულ უფრო მეტი და მსხვილი კომპანია მოიზიდოს.

კერძო სექტორის გადმოსახედიდან, ხარისხი კვლავ პრობელმაა. კოლეჯების კურსდამთავრებულებს ხშირად გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ საკუთარ კვალიფიკაციაზე და ითხოვენ მაღალ შრომის ანაზღაურებას. კერძო სექტორს ხშირად არ უღირს მსგავსი ხელფასის გადახდა, რადგან მათი გადამზადება დამატებით რესურსებს მოითხოვს. იმისათვის, რომ ამაღლდეს პროფესიულ კოლეჯებში სწავლების ხარისხი, აუცილებელია გაღრმავდეს პროფესიული კოლეჯებისა და კერძო კომპანიების თანამშრომლობა. ამისთვის საჭიროა პროფესიული კოლეჯების პედაგოგების წახალისება. მაგალითად, კოლეჯის პედაგოგების ანაზღაურების დაანგარიშებისას, ის დროც უნდა იქნას გათვალისწინებული, რასაც ისინი კომპანიებთან კომუნიკაციაში ხარჯავენ.

დაინტერესებულ მხარეთა წარმომადგენლებმა რეფორმის მიმდინარეობას 10 მაქსიმალური ქულიდან 7,37 ქულა დაუწერეს.

„რეფორმეტრი“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროექტია, რომელიც G4G USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის პერიოდულ შეფასებას - ReforMeter.iset-pi.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები