მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

PROFIX.GE - პლატფორმა, რომელიც დამსაქმებლებს და დასაქმებულებს აერთიანებს

59d5ffda0f60f
სალომე მეცხვარიშვილი
05.10.17 14:00
1759
WWW.PROFIX.GE ვებ-გვერდია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს ნებისმიერი დარგის სპეციალისტის პოვნა შეუძლია მათი გამოცდილების, რეიტინგისა და ნამუშევრების მიხედვით. არსებობის ერთი წლის განმავლობაში ვებ-პლატფორმამ 800-მდე სპეციალისტის გაერთიანება შეძლო. პროექტის შემქნელებს ამბიციური გეგმები აქვთ. მათი მიზანია, ახალმა პორტალმა არამარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვას. პროექტის პოპულარიზაციისთვის კი დამფუძნებლებს ჯერ "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვება სურთ. "საქმის კურსის" შეკითხვებს PROFIX.GE თანადამფუძნებელი თაზო ბეჟანიშვილი პასუხობს.

- საიდან მოვიდა მსგავსი პორტალის შექმნის იდეა?

ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მწვავე და გადაუჭრელ პრობლემად დღემდე უმუშევრობა რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ყველა სფეროში არსებობს კვალიფიციური სპეციალისტების დიდი რაოდენობა, პრობლემას მათი დამკვეთთან დაკავშირება წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ კატეგორიის ხალხისთვის შეგვექმნა ახალი ონლაინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ვებგვერდი, რომელიც მათ საკუთარი თავის რეალიზებასა და დამკვეთების პოვნაში დაეხმარებოდა. PROFIX.GE დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებს და ორივე მხარეს უმარტივებს ერთმანეთის პოვნასა და ურთიერთობას.

- რა ტიპის სპეციალისტებს აერთიანებთ, არის კონკრეტული ვიწრო მიმართულებები თუ შეუზღუდავია სფეროები?

- ჩვენ ბაზაში ამ მომენტისათვის 800-მდე სპეციალისტი არის გაერთიანებული, რომლებიც როგორც კლასიკური ფრილენსერები ასევე სხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან. ვცდილობთ, კატეგორიები და პროფესიები არ შევზღუდოთ და ამით შევქმნათ ერთიანი დიდი ბაზა, რითიც მომხმარებელს შესაძლებლობას ვაძლევთ ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში საჭირო სპეციალისტის პოვნას.

- როგორია პროცედურა - მე, როგორც სპეციალისტმა, რა გზა უნდა გავიარო, რომ მოვხვდე საიტზე?

სპეციალისტმა უნდა შეავსოს საიტზე სარეგისტრაციო ფორმა, პროფესიიდან გამომდინარე ატვირთოს თავისი პორტფოლიო და სერთიფიკატები ან სამუშაო საათებში დაუკავშირდეს ჩვენს ოპერატორებს, რომლებიც მათ რეგისტრაციის გავლაში დაეხმარებიან. ასევე შესაძლებელია, გასაუბრების გავლა ჩვენთან ოფისში. ამ შემხვევაში სპეციალისტის ანკეტას ენიჭება სტატუსი “შემოწმებულია”, რაც ნდობის ფაქტორს ზრდის, როგორც ჩვენთვის ასევე მომხმარებლისთვის.

- ამასთან, საინტერესოა, დამსაქმებელი რა პროცედურას გადის?

დასაწყისიდანვე მაქსიმალურად ვცდილობდით გაგვემარტივებინა სპეციალისტის არჩევის პროცესი დამკვეთებისათვის, რეალურად სამ მოქმედებაში შესაძლებელია ჩვენს საიტზე სასურველი სპეციალისტის ნებისმიერი სფეროდან პოვნა და არჩევა. ამ მომენტისათვის ჩვენს საიტზე არც რეგისტრაცის გავლა არ სჭირდებათ დამკეთებს, თუმცა, ეს ფუნქციაც დაემატება საიტს ახლო მომავალში და დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, მიღებული სერვისისთვის თანხა ბარათით გადაიხადონ, ან განვადება გააკეთონ.

- რა არის თქვენი კომერციული ინტერესი?

სპეციალისტებისთვის PROFIX.GE არის უნიკალური სახის სარეკლამო სივრცე, ონლაინ პლატფორმა, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს თავის წარმოჩენაში, აცნობს მათ ნამუშევრებს, პორტფოლიოს და საქმიანობას ათასობით პოტენციურ დამკვეთს.
PROFIX.GE ასევე უადვილებს სპეციალისტებს სარეკლამო ბიუჯეტის მართვას,საიტზე რეგისტრაციაც და საკუთარი ანკეტის განთავსებაც არის უფასო, ჩვენი საკომისიოს გადახდა კი სპეიციალისტს უწევს მხოლოდ შესრულებული შეკვეთის შემთხვევაში.

- ინვესტიციის სახით პროექტში რა თანხა ჩაიდო? გაგიჭირდათ დაფინანსების მოპოვება?

პრობლემები ბევრი იყო და არის, თუმცა ეს სტარტაპერობის და "ენტრეპრენორული" გზის განუყოფელი ნაწილია. ფინანსურ მხარეს რაც შეეხება შექმნის დღიდან მოყოლებული პროექტი ჩვენი გუნდის წევრების “ჯიბიდან” ფინანსდება და ე.წ. "bootstrap" ფაზაში ვიმყოფებით.

- ზოგადად, როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ბიზნესში?

პრობლემები ძალიან ბევრია, განსაკუთრებით რთულია სტარტაპ-პროექტების განხორციელებაა. მიუხედავად იმისა რომ კომპანიის შექმნა და ჩამოყალიბება ადვილია, შემდგომი განვითარებისთვის არსებობს ძალიან ცოტა რესურსები. ქვეყანაში ამ მომენტისათვის არ არსებობს საკმარისი ინკუბატორული პროგრამები, ასევე “angel” ინვესტორები, რომლებიც არამარტო ფინანსურ ინვესტიციას ახდენენ პროექტში არამედ ცოდნით, გამოცდილებით და კონტაქტებით ეხმარებიან სტარტაპს წარმატების მიღწევაში.

ქვეყანაში რამოდენიმე მსხვილი კომპანია და მსხვილი მოთამაშეები არიან, რომლებსაც სტარტაპით დაინტერესების შემთხვევაში არარეალური წარმოდგენა აქვთ და სურთ არა გუნდის და პროექტის ხელშეწყობა არამედ იდეის სრულიად გამოსყიდვა. დროა ასეთი აზროვნება შეიცვალოს თუ გვინდა, რომ ქვეყანაში სტარტაპერობის კულტურას პოპულარიზაცია მოვახდინოთ. ამ კუთხით თიბისი ბანკმა “Startuper”-ის პროგრამით სწორი გეზი აიღო. საჭიროა, ბევრი მსგავსი პროექტის შექმნა სხვა მსხვილი კომპანიების მიერ.

- თქვენ მონაწილეობთ "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" ბიზნესდაჯილდოებაში. როგორ ფიქრობთ, რას მოგცემთ ეს დაჯილდოება და მასში გამარჯვება?

ცნობადობას ბიზნეს სამყაროში, ასევე დაჯილდოების ფარგლებში შევძლებთ გავიცნოთ და გავეცნოთ სხვა კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს, ერთგვარი Networking-ის ელემენტიც ჩვენი გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. PROFIX.GE საინტერესო და ინოვაციური ბიზნესმოდელის გარდა სოციალური ხასიათის პროექტიც არის და ქვეყანაში სამუშაო დასაქმების ახალ ნიშას ქმნის, ბიზნესდაჯილდოვებაში გამარჯვება დიდი სტიმული იქნებოდა ჩვენი გუნდისათვის, იდეის გაჩენიდან დღემდე დაუღალავი მუშაობის ერთგვარი დაფასება იქნებოდა, რისი მიღებაც ყოველთვის სასიამოვნოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები