მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროფკავშირ Labor-ის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს

პროფკავშირი

აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი Labor-ის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს - შესაბამის ვიდეომასალას და ინფორმაციას, ამ გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე Labor-ის Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, ჩხრეკა სასამართლოს განჩინებით ხდება, თუმცა დოკუმენტში მითითებული არ არის რა გახდა ამის საფუძველი. გიორგი დიასამიძე გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, რომ შესაძლოა ჩხრეკა მის სახლშიც ჩატარდეს.

„რას ეძებენ არ უთქვამთ, თქვეს რომ საბუთები აინტერესებთ. მე ამ ყველაფერს ვუკავშირებ იმას, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე პოლიტიკური მდგომარეობაა. ჩემი აზრით, ძალიან მცირე ხანში ამ ყველაფერს დაემატება მძიმე სოციალური მდგომარეობა და იმისთვის რომ გარკვეული სახის პროტესტები არ დაორგანიზდეს, ველის მოსუფთავებას ცდილობენ, დანარჩენს დავაკვირდებით, მაგრამ დაკვირვების დრო აღარ გვაქვს“, - აცხადებს ჩართვისას გიორგი დიასამიძე და ქვეყანაში ამ დროისთვის მიმდინარე ყველაზე ცხელი პროტესტის მონაწილეეობს ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებს.

ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურში ჩხრეკის ფაქტს ადასტურებენ და დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

"საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიულ კავშირში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განჩინების საფუძველზე ატარებს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას“, - აცხადებენ უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები