საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება "ფრიდრიხ ებერტის" კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებმა უმუშევრობის შემწეობა მიიღონ. კვლევის ავტორებმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადეს, რომ მათი ვარაუდით ეს თანხა 4 სულიანი ოჯახის საარსებო შემწეობაზე მეტი უნდა იყოს, რაც დაახლოებით თვეში 200 ლარს გულისხმობს.
კვლევის ავტორებს ასევე დათვლილი აქვთ ის თანხა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იქნება საჭირო. როგორც ისინი განმარტავენ, წელიწადში დაახლოებით 48 მილიონი ლარის მობილიზება იქნება აუცილებელი. ეს თანხა არამხოლოდ შემწეობის, არამედ ამ ადამიანების გადამზადებისთვისაც დაიხარჯება. პროექტის მიხედვით, უმუშევრობის შემწეობის მიმღები პირი იქნება საქართველოს მოქალაქე, რომელიც ბოლო 12 თვის განმავლობაში უწყვეტად იყო დასაქმებული და დაკარგა სამუშაო.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ოფიციალური ინფორმაცია უმუშევრობის შესახებ არასწორია, რადგან მასში შედიან პირები, რომლებიც საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას, მოსახლეობის მიერ სუბიექტურად აღქმული უმშევრობა კი გაცილებით მაღალი, 22.2%-ია.