მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროფკავშირების გაერთიანების გენერალურ მდივნად ირაკლი პეტრიაშვილი, ხოლო პრეზიდენტად რაისა ლიპარტელიანი აირჩეს

პროფკავშირები

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გენერალურ მდივნად ირაკლი პეტრიაშვილი, ხოლო პრეზიდენტად რაისა ლიპარტელიანი აირჩეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

როგორც გაერთიანებაში აღნიშნავენ, 24 ოქტომბერს, მე-16 ყრილობაზე, პირველად ჩატარდა არჩევნები ახალი სტრუქტურით, რომლის შედეგადაც გაერთიანებას თავმჯდომარის ნაცვლად გენერალური მდივანი და პრეზიდენტი უხელმძღვანელებენ.

"მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების 120 წლიანი პროფკავშირული ისტორიის აღმნიშვნელი საიუბილეო მე-16 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 175 დელეგატმა და 50-ზე მეტმა მოწვეულმა ადგილობრივმა და საერთაშორისო სტუმარმა, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების პროფკავშირებიდან.

ყრილობაზე შედგა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალი ჰიმნის და საქართველოს პროფკავშირული მოძრაობის ისტორიის ამსახველი ფილმის პრეზენტაცია.

ყრილობას მიესალმნენ საერთაშორისო, ადგილობრივი და სხვადასხვა ქვეყნების პროფკავშირების წარმომადგენლები.

ყრილობამ მოისმინა და დაამტკიცა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების 2021-2025 წლების ანგარიში, რომელიც მოიცავდა გაერთიანების საქმიანობას დასაქმებულთა დაცვის, საკანონმდებლო და ანალიტიკური მუშაობის, ცნობიერების ამაღლების, საერთაშორისო და შრომის დაცვის მიმართულებებით.

ყრილობაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე დასაქმებულთა ღირსეული შრომის სტანდარტების უზრუნველსაყოფად .ანგარიშის მიხედვით:

საანგარიშო პერიოდში გაერთიანება ჩართული იყო და მოამზადა 10-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ცვლილებების პაკეტი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“, მათ შორის ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის შემწეობა და უმუშევრობის დაზღვევა, შრომითი მიგრაცია, შრომის უსაფრთხოება და ა.შ

ამავე პერიოდში იურიდიული დეპარტამენტის მიერ კონსულტაცია გაეწია 45 100-ზე მეტ პირს. შრომითი დავების 97% დასრულდა დასაქმებულთა სასარგებლოდ, შედეგად მათ მიიღეს სხვადასხვა ტიპის კომპენსაციები, რომელთა ჯამურმა ოდენობამ საანგარიშო პერიოდში შეადგინა 4 200 225 ლარი.

კოლექტიური მოლაპარაკებებისა, კოლექტიური შეთანხმებებისა და მედიაციის შედეგად დასაქმებულებმა მიიღეს ეკონომიკური სარგებელი, რომლის ჯამური ოდენობა 440 მილიონ ლარს აღემატება

ჩატარდა 514 საინფორმაციო შეხვედრა (ტრენინგი, სემინარი), რომელშიც მონაწილეობა მიიღო 11.822 პირმა (დასაქმებულები, საჯარო მოხელეები, დამსაქმებლები, სტუდენტები, ჟურნალისტები, ადვოკატები და ა.შ.). შეხვედრების თემატიკა იყო: შრომის უფლებები, შრომის უსაფრთხოება, სოციალური დაცვა, ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა, საჯარო მოხელეთა უფლებები, შრომითი სტანდარტები ევროინტეგრაციის პროცესში და ა.შ.

გადამზადდა 38 ტრენერი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ცნობიერების ამაღლების და ორგანაიზინგის მიმართულებით.

მომზადდა: 16 საინფორმაციო ბროშურა/ბიულეტინი, 35 ვიდეო რგოლი, 230 საინფორმაციო ქარდი, 44 ღია ოფისი, რომელმაც მოიცვა 12 000-ზე მეტი ადამიანი.

გაერთიანებამ მასპინძლის და სტუმრის სტატუსით 212 საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო გაერთიანების და დარგობრივი ორგანიზაციების 1329 წარმომადგენელმა.

ყრილობამ მოისმინა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და მიიღო არაერთი რეზოლუცია, მათ შორის სპეციალური რეზოლუცია იქნა მიღებული აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების პროფკავშირების განსაკუთრებულ სტატუსზე პროფკავშირების გაერთიანების სტრუქტურაში და ერთიანი, კონსოლიდირებული და ურთიერთ სოლიდარული პროფკავშირული მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ.

ყრილობამ, პირველად საქართველოს პროფკავშირული მოძრაობის ისტორიაში, ჩაატარა არჩევნები ახალი სტრუქტურით, სადაც გაერთიანებას თავმჯდომარის ნაცვლად გენერალური მდივანი და პრეზიდენტი უხელმძღვანელებენ. გაერთიანების გენერალურ მდივნად ფარული კენჭისყრით არჩეული იქნა ირაკლი პეტრიაშვილი, ხოლო პრეზიდენტად - რაისა ლიპარტელიანი. გენერალური მდივნის მოადგილეების პოზიციები თამარ სურმავამ და ლავრენტი ალანიამ დაიკავეს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ დაამტკიცა სამოქმედო 2026-2029 წლების პროგრამა, რომლის მიხედვითაც გაერთიანება შემდეგი 4 წლის განმავლობაში იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • მინიმალური ხელფასი;
  • ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში შსო-ს და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
  • პროგრესული გადასახადი;
  • საარსებო შემწეობა;
  • შემოსავლებში უთანასწორობის შემცირება;
  • სიღარიბის დაძლევა;
  • არაფორმალური დასაქმების ფორმალიზაცია;
  • პროგრესული გადასახადი;
  • შრომითი მიგრაცია;
  • ქალთა შრომითი უფლებების დაცვა და ეკონომიკური აქტიურობის წახალისება;
  • კლიმატის ცვლილებები და სამართლიანი გადასვლა;
  • პენსია;
  • ახალგაზრდებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების დაცვა;
  • შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის მექანიზმების დახვეწა;
  • ზრუნვის ეკონომიკასა და ციფრულ შრომით პლატფორმებზე დასაქმებულთა უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება;
  • პროფესიული განათლების სისტემის სრულყოფა;
  • შსო-ს მთელი რიგი კონვენციების რატიფიცირება, რომელიც უკავშირდება ქალთა უფლებებს და შრომის უსაფრთხოებას; და ა.შ

ყრილობის ბოლოს დაჯილდოვდა 30 სხვადასხვა სფეროში დასაქმებული პროფკავშირის წევრი პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

აღსანიშნავია, რომ ყრილობას 23 ოქტომბერს წინ უძღოდა კონფერენცია საქართველოს პროფკავშირების 120 წლიანი ისტორია, თანამედროვე გამოწვევები და გადაწყვეტის გზები“, სადაც მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს პროფკავშირული მოძრაობის ისტორიის შესახებ და ასევე მიეცათ შესაძლებლობა ემსჯელათ შრომის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე",- აღნიშნულია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები