მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროგნოზების თანახმად, 2025 წელი მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე წარიმართება - ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი
05.06.25 13:15
351

"ქართული ოცნების" მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ არსებული პროგნოზების, მათ შორის სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2025 წელი მაღალი ეკონომიკური აქტივობის და ზრდის ფონზე წარიმართება. მან ამის შესახებ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის (TBILISI RFSD) გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

„საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს, შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ბოლო წლებში საქართველო გლობალურად გამორჩეულია მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციით - 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2025 წელს ევროზონის ეკონომიკა 0.8%-ით, ხოლო აშშ-ს ეკონომიკა 1.8%-ით გაიზრდება. ტარიფების გამო ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი, 4.0%-მდე შენელებაა პროგნოზირებული ჩინეთის ეკონომიკაში. გლობალურად გაუარესებული პროგნოზების ფონზე, სავალუტო ფონდმა ახლახან საქართველოში გამართული კონსულტაციების ფარგლებში 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7.2%-მდე გაზარდა“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ 2025 წელი არსებული პროგნოზების თანახმად, მაღალი ეკონომიკური აქტივობის და ზრდის ფონზე წარიმართება, რასაც ადასტურებს შემდეგი მონაცემები: პირველ კვარტალში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, ხოლო აპრილში ის 7.5%-ს გაუტოლდა. 2025 წლის იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.8%-ით განისაზღვრა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, წლის დასაწყისში ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის ფონზე, მოსალოდნელია, რომ 2025 წელი მაღალი ეკონომიკური ზრდით იქნება გამორჩეული.

„მთავრობის კონსერვატიული შეფასებით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 6% იქნება, თუმცა, ველოდებით, რომ ფაქტობრივი მონაცემი უფრო მაღალი იქნება, სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზის გაზრდაც ამას მიანიშნებს. შემდგომ წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი კვლავ იქნება კაპიტალური ხარჯები, ასევე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ, ინვესტიციების ზრდისკენ, საექსპორტო და ენერგეტიკული პოტენციალის ათვისებისკენ მიმართული რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და სტრუქტურულ გაუმჯობესებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ღონისძიებები ხორციელდება სავაჭრო ინტეგრაციის გაუმჯობესებისა და საექსპორტო ღონისძიებების ხელშესაწყობად, ასევე ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით. მან ხაზი გაუსვა მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ინვესტიციების წახალისებისკენ ახალ ტექნოლოგიებში, კვლევასა და განვითარებაში და ინოვაციებში. ლევან დავითაშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და გლობალური მიწოდების ჯაჭვებში საქართველოს ინტეგრაციის ზრდის საკითხზე.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა: თბილისის ახალი აეროპორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ასევე ინვესტიციები განახლებად ენერგიაში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. დეველოპმენტში აღსანიშნავია ისეთი პროექტები, მრავალმილიარდიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებები, როგორიცაა „ემაარისა“ და „იგლ ჰილსის“ დაგეგმილი პროექტები თბილისსა და ბათუმში“, - განაცხადა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები