2020 წლის 27 აგვისტოდან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პროგრამა “იმუშავე საქართველოდან” პროგრამა აამოქმედა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში დისტანციურად მუშაობის უფლება 95 ქვეყნის მოქალაქეებს მიეცა.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ვარკვევთ, 2020 წლის 27 აგვისტოდან დღემდე მიღებული აპლიკაციების რაოდენობის მიხედვით პროგრამაზე 3058 ადამიანი დარეგისტრირდა.
ტურიზმის სექტორში ჩართული სუბიექტები გვეუბნებიან, რომ პროგრამაში "იმუშავე საქართველოში" ჩართვა საქართველოს მასშტაბით 20-მდე სასტუმრომ შეძლო. ერთ-ერთი ასეთი თბილისში მდებარე სასტუმრო "ადამოა", რომელიც პროგრამის ფარგლებში სტუმრებს 6 თვის განმავლობაში მასპინძლობდა.
სასტუმროს პროექტების მენეჯერი მაია მახათაძე ამბობს, რომ იმ დროს, როცა პროგრამა ამუშავდა, ქვეყანაში სხვა გზით ტურისტები ვერ შემოდიოდნენ, შესაბამისად აღნიშნული პროგრამის ხარჯზე სასტუმროში დატვირთულობა 30%-მდე გაიზარდა.
“სექტემბრიდან თებერვლის პერიოდამდე არც საზღვრები იყო გახსნილი და ქვეყანას არც ვიზიტორები ჰყავდა. შესაბამისად, პროგრამამ დატვირთულობის 30% შეავსო. თუმცა ჩვენ მხოლოდ ამ პროექტით არ გვიმუშავია. სხვადასხვა პროექტებში ვიყავით ჩართულები, კერძოდ, საუნივერსიტეტო კარანტინები იყო, კორპორატიული კარანტინები. სხვადასხვა სეგმენტს ვემსახურებოდით და ამას ემატებოდა პროგრამა "იმუშავე საქართველოდან". ერთმნიშვნელოვნად, რომ მხოლოდ ამ პროექტიდან მიღებული სტუმრებით ვყოფილიყავით დატვირთული, ეს ასე არ იყო", - აცხადებს სასტუმრო "ადამოს" პროექტების მენეჯერი მაია მახათაძე.