მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პროკრედიტ ბანკს აქვს ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგი ქვეყანაში" - მიზეზები

ელენე ცინცაძე

პროკრედიტ ბანკის დირექტორი ელენე ცინცაძე იმ ფაქტორებს ასახელებს, რამაც Fitch-ის მხრიდან ბანკის პერსპექტივის გაუმჯობესება განაპირობა. მან საკითხზე "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბანკის რეიტინგი როგორც არაერთი კონკურენტის, ისე ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე მაღალია.

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა 4 ქართული ბანკის რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა. Fitch-მა პროკრედიტ ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი „BB+“-ზე დატოვა, ხოლო პროგნოზი „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა. სააგენტო აღნიშნავს, რომ ბანკის პოზიციას ამაგრებს მისი აქციონერის, ProCredit Holding-ის მხრიდან მხარდაჭერის შესაძლებლობა, ასევე სტაბილური აქტივების ხარისხი და მოგებიანობა.

"პროკრედიტ ბანკს“ აქვს ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგი ქვეყანაში BB+. ეს არის ერთი ბიჯით უფრო მაღალი რეიტინგი, ვიდრე სუვერენული რეიტინგი და ასევე კონკურენტ ბანკებთან შედარებით, უმეტესობასთან შედარებით, ეს არის ასევე მაღალი რეიტინგი.

ჩვენი რეიტინგი, როგორც მათ აღნიშნეს, დიდწილად არის გამოწვეული „პროკრედიტ ჰოლდინგის“ მხარდაჭერით. ეს არის ჩვენი 100%-იანი აქციონერი, რომელსაც თავად აქვს საინვესტიციო რეიტინგი. ეს პირდაპირ ჩვენზე არ გადმოდის, რადგან ჩვენი რეიტინგი შეზღუდულია ქვეყნის რეიტინგით. ის შეიძლება უფრო მაღალი იყოს ქვეყნის რეიტინგზე, მაგრამ ქვეყნის რისკიდან გამომდინარე, ამაზე მაღლა წასვლა ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ეს სრული მხარდაჭერა გამოჩნდა, როგორც ვთქვათ სხვა ბანკების შემთხვევაში - ჰოლდინგს აქვს 11 ქვეყანაში ბანკი, მათ შორის უკრაინაში და რისკის შემთხვევაში, ცალსახა იყო მათი სრული მხარდაჭერა, ასევე ვთქვათ ყოველდღიურ საქმიანობაში - ეს არის ლიკვიდურობა, კაპიტალის საკითხები, ევროპული პრაქტიკების ჩვენთვის გადმოცემა თუ სხვა. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც „პროკრედიტს“ აქვს ასეთი მაღალი რეიტინგი. თუმცა აქ არის მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორები. რასაც გამოვყოფ, არის ჩვენი, ასე ვთქვათ, წინდახედული, ფრთხილი მიდგომა რისკების მართვის კუთხით. აქ არის როგორც საკრედიტო რისკები, რომელიც შემდეგ ითარგმნება პორტფელის ხარისხში და ამ კუთხითაც ვთქვათ გამორჩეული პორტფელი გვაქვს, ასევე სხვა რისკების მართვა. არის მაღალი კაპიტალიზაციის დონეც, რომელიც ბანკების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მაღალი გვაქვს. შესაბამისად, ამ სამივე მიმართულებით, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ სტაბილურია როგორც ამ დროის მდგომარეობა, ასევე სამომავლო მოლოდინები",- ამბობს ელენე ცინცაძე.

მან ასევე უპასუხა კითხვას, საბანკო სექტორის მაღალი კონცენტრაციის პირობებში, როდესაც ბაზრის 80% ორ ბანკს უჭირავს, სებ-ს უნდა ჰქონდეს თუ არა უფრო დიფერენცირებული მიდგომა ისეთი ბანკის მიმართ, როგორიც „პროკრედიტია“. ბანკის დირექტორი აღნიშნავს, რომ ეს საკითხი ნამდვილად გამოწვევაა და კონკრეტულ მაგალითებსაც ასახელებს.

"ეს ცალსახად არის გამოწვევა. ამაზე არაერთი საუბარი ჩვენ მარეგულირებელთან გვაქვს და მომავალშიც გვექნება - რამდენად უნდა იყოს რეგულაცია პროპორციულობის ნაწილში გათვალისწინებული და რამდენად მნიშვნელოვანია კონკურენციის ზრდა ბაზარზე. ამ ორ ბანკს შორის კონკურენცია არის, თუმცა რესურსებიდან გამომდინარე, შედარებით მცირე ზომის ბანკები ზოგ შემთხვევაში ვიჩაგრებით. მაგალითად, როცა ახალი რეგულაციის დანერგვა ხდება და ეს რეგულაცია, მაგალითად, ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული, ხშირ შემთხვევაში თანაბარი რესურსის დახარჯვაა ხოლმე საჭირო, ამ დროს რესურსებზე წვდომა, ბუნებრივია, და ტექნოლოგიური განვითარება ერთნაირი რიგ შემთხვევებში არ არის.

ასევე, არის ზოგადი პრაქტიკა, მაგალითად კაპიტალის მოთხოვნების კუთხით, სადაც არის დიფერენციაცია, ანუ საქართველოს ბაზარზე არსებობს სისტემურობის ბუფერი, თუმცა ეს, ვფიქრობთ, რომ არასაკმარისია. ასევე, არ არის ვთქვათ თანაბარი დეპოზიტების ფასი. მაგალითად, მინიმალური რეზერვების მოთხოვნები განსხვავდება ბანკების მიხედვით, დოლარიზაციის შესაბამისად და „პროკრედიტ ბანკის“ ერთ-ერთი გამოწვევა, რასაც ეროვნულიც და Fitch-იც ასახელებს, არის რომ მას აქვს შედარებით მაღალი დოლარიზაცია. აქ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევდარდეთ ჩვენნაირი სტრუქტურის ბანკს. ჩვენი პორტფელის 90% არის SME და თუ SME-ს დავედარებით, მაშინ დოლარიზაციის დაახლოებითი დონე მსგავსია და არ არის მაღალი.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორც უკვე აღვნიშნე, რისკების მიმართ განსხვავებული მიდგომა. ჩვენ გვაქვს განსხვავებული პრაქტიკა და სესხის გაცემის შემთხვევაში ჩვენ მომხმარებლის შემოსავალს ვსტრესავთ, უხეშად რომ გითხრათ, 30%-ით, თუ სესხის ვალუტა და შემოსავლის ვალუტა განსხვავდება. ეს არ არის პრაქტიკა ბაზარზე, ეს არის „პროკრედიტის“ ინდივიდუალური მიდგომა. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ წინდახედული მიდგომა გვაქვს, ეს რისკი გათვალისწინებულია და ეს გამოჩნდა კრიზისულ სიტუაციებში, როდესაც მერყეობა იყო კოვიდის პერიოდში, მერე უკრაინის ომის დაწყების პერიოდში, მერყეობა როცა იყო ვალუტის ბაზარზე, გამოჩნდა, რომ ჩვენი პორტფელი ძალიან სტაბილური იყო გადახდისუნარიანობის კუთხით და ამ გადაზღვევამ იმუშავა",- ამბობს ელენე ცინცაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები