„ბავშვთა სამყაროს“ საქმის შემჭიდროვებულ ვადებში განხილვის მიზნით, ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა სასამართლოს „სავაჭრო სახლ ბავშვთა სამყაროს“ დირექტორის - გ.მ.-ს და შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის - მ.თ.-ს საქმეზე მტკიცებულებათა შეთანხმებული ჩამონათვალი წარუდგინეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებისა და დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა იმ მტკიცებულებათა შეთანხმებული ჩამონათვალი, რომელსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან.
შეთანხმების შესაბამისად, სასამართლომ უდავოდ ცნო სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი 341 პირის გამოკითხვის ოქმები და მათთან დაკავშირებული საპროცესო დოკუმენტები, რაც პროკურატურის ცნობით, ხელს შეუწყობს საქმის უფრო სწრაფად განხილვას.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სასამართლო პროცესის შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარება „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა და მათი უფლებების დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრაზე მოითხოვეს, რაზეც პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა.
გ.მ.-სა და მ.თ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა ხორციელდება. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში მოწმის სახით დასაკითხად წარდგენილი 799 პირიდან უკვე დაკითხულია 300-ზე მეტი მოწმე.
ცნობისთვის: „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილს ცეცხლი 2017 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში გაუჩნდა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისა და სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირის გულგრილობის გამო, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადეკვატური რაოდენობის ძალებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ხანძრის ლოკალიზება „ბაზრობა ნიუ მოლის“ სრული ფართობის ნაწილში და ჩაქრობა.
„შედეგად, ხანძარი გავრცელდა „ბაზრობა ნიუ მოლის“ მთელ ტერიტორიასა და სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში, რამაც ხსენებული შენობების, მათში არსებული სარეალიზაციო საქონლისა და ინვენტარის განადგურება გამოიწვია. სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გამო, ბრალი წარედგინა სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორს - გ.მ.-ს, ხოლო გულგრილობისთვის, საქართველოს სსკ-ის 2201 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანასაულის გამო, ბრალი წარედგინა ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს - მ.თ.ს,” - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.