მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროკურატურა კატეგორიულად უარყოფს იმას, რაც ხაზარაძეს საერთოდ არ უთქვამს

5c7e4baf95cb7
შოთა ტყეშელაშვილი
05.03.19 14:20
3074
რამდენიმე წუთის წინ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადება თითქოს გიორგი გახარიას მუქარის წერილის შესახებ პროკურატურას წინა გამოკითხვაზე მიაწოდა ინფორმაცია, სიცრუეს წარმოადგენს.

სინამდვილეში მამუკა ხაზარაძეს გუშინდელ კომიტეტზე ეს არ უთქვამს. TBC-ის დამფუძნებელმა თქვა, რომ მან მუქარის წერილი მიიღო, თუმცა არცერთმა პროკურორმა არ დაუსვა მას კითხვა იმის შესახებ, თუ ვისგან იყო ეს წერილი.

“გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვისას გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მან მიიღო მუქარის წერილი შინაგან საქმეთა მინისტრისაგან, არ შეესაბამება სინამდვილეს. მას ასეთი განცხადება და განმარტება არ გაუკეთებია, გამოკითხვისას. მან მხოლოდ ისაუბრა იმის შესახებ, რომ მიიღო წერილი ეროვნული ბანკისგან, სადაც მითითებული იყო მისი და ბადრი ჯაფარიძის შესაძლო თანამდებობის დატოვების შესახებ. შესაბამისად, ჩვენ დღევანდელი დაკითხვის ფარგლებში მამუკა ხაზარაძეს მოვთხოვთ განმარტებას იმის შესახებ, რაც მან გააკეთა საპარლამენტო კომიტეტის დროს და განაცხადა, რომ მან მიიღო წერილი შინაგან საქმეთა მინისტრისაგან და მოვთხოვთ აღნიშნული წერილის და ამ ინფორმაციის დამაასტურებელ დოკუმენტებს,” - განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

თავად მამუკა ხაზარაძემ გუშინ პარლამენტის წინაშე განაცხადა, რომ პროკურატურისა და სასამართლოს წინაშე გამოკითხვისას მან ზეწოლის შესახებ ისაუბრა, თუმცა არცერთ პროკურორს არ დაუსვამს დამაზუსტებელი კითხვა, თუ ვისგან მომდინარეობდა ეს ზეწოლა:

"საოცრება ის არის, რომ მე მუქარის შესახებ ჩემი დაკითხვის ოქმში ვთქვი და ამის მერე არც მოსამართლემ, არც სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვა. მე ვუთხარი, რომ ჩვენზე არის შემოტევა, მუქარა და ეს არის ჩაწერილი და არავინ არათუ დაინტერესდა, არათუ საქმე აღძრა, 9 იანვარს გააკეთეს საშინელი განცხადება, რომელმაც 90 მილიონის ზარალი მოუტანა ჩვენს აქციონერებს", - განაცხადა ხაზარაძემ.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყენებული ოქმიდანაც იგივე დასტურდება. მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა მოხდა, თუმცა დოკუმენტი არ შეიცავს დამატებით კითხვებს იმის შესახებ თუ ვისგან იყო აღნიშნული ზეწოლა:

„ჩემი ღრმა რწმენით, ღრმა რწმენით არა, ასე ვთქვათ ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წერილი, რომ ჩვენ შეიძლება დავტოვოთ ჩვენი თანამდებობები და ესე დაჩქარებულად 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურება ერთ რამეს, ჩვენი იმიჯის საერთაშორისო შელახვას, რაც ავტომატურად გააჩერებს ანაკლიის პორტის დაფინანსებას. ამას ვაცხადებ მთელი კატეგორიულობით. მსგავსი წერილი მე მივიღე ამ მუქარით და როცა საჭირო იქნება მე ამ წერილს გავასაჯაროვებ, თუ როგორ გვემუქრებიან სწორედ ესეთი სიტყვებით,”- წერია მამუკა ხაზარაძის დაკითხვის ოქმში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები