ყოფილი მინისტრების დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის გამოკითხვის საკითხზე პროკურატურა განცხადებას TV პირველის ეთერში გადაცემაში „დღის ამბები“ აკეთებს.
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოკა კაციტაძე ამბობს, რომ მარტიდან მოყოლებული ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მხრიდან, თანამდებობის ბოროტად გამოყენების და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლაგვის შესაძლო საქმეზე.
"დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდა დიმიტრი ქუმსიშვილი. ამ შემთხვევაში გამოძიების ინტერესის საგანს წარმოადგენს მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ პროექტების დროს, გამოვლენილი დიდი ოდენობით ფულადი სახსრების მითვისების ფაქტი.
რაც შეეხება ზურაბ ალავიძეს გამოძიება ამ შემთხვევაში სწავლობს იმ სახელმწიფო შესყიდვებს რომელიც განხორციელდა ამ სამინისტროსთან დაკავშირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან. სისხლის სამართლის საქმე მიმდინაროებს ამ ამ სამინისტროს მოხელეებთან მიმართებით და სწავლობს ამ სამინისტროს საქმიანობას და გამოძიებაც ამით შემოიფარგლება.
სავარაუდო ეჭვმიტანილზე საუბარი ნაადრევია, გამოძიება ამ ეტაპზე არ მისულა ჯერჯერობით. არ ყოფილან მოქმედი მინისტრები როცა მათი დაკითხვა მოხდა. გამოძიება დაიწყო 2018 წლის მარტში და მას შემდეგ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს“ , -ამბობს კაციტაძე და დასძენს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიკითხება ყველა პირი, მათ შორის ისინიც ვისი გამოკითხვაც ერთხელ უკვე მოხდა.

























