საქართველოს პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გამოკითხასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მამუკა ხაზარაძე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის წინაშე მოწმის სახით გამოიკითხა 2018 წლის 26 დეკემბერს.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვისას მიუთითა, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის შემცველი წერილი, სიმართლეს არ შეესაბამება.
გამოკითხვისას ხაზარაძემ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ეროვნული ბანკის ოფიციალურ წერილზე, მისი და ბადრი ჯაფარიძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ, რომელიც ხაზარაძემ მუქარად აღიქვა. მან ასევე, აღნიშნა, რომ 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურებოდა მათი საერთაშორისო იმიჯის შელახვას, რაც ავტომატურად შეაჩერებდა ანაკლიის პორტის დაფინანსებას.
ამონარიდი მამუკა ხაზარაძის ჩვენების ოქმიდან:
„ჩემი ღრმა რწმენით, ღრმა რწმენით არა, ასე ვთქვათ ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წერილი, რომ ჩვენ შეიძლება დავტოვოთ ჩვენი თანამდებობები და ესე დაჩქარებულად 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურება ერთ რამეს, ჩვენი იმიჯის საერთაშორისო შელახვას, რაც ავტომატურად გააჩერებს ანაკლიის პორტის დაფინანსებას. ამას ვაცხადებ მთელი კატეგორიულობით. მსგავსი წერილი მე მივიღე ამ მუქარით და როცა საჭირო იქნება მე ამ წერილს გავასაჯაროვებ, თუ როგორ გვემუქრებიან სწორედ ესეთი სიტყვებით.“
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მამუკა ხაზარაძეს არაფერი უთქვამს რაიმე წერილის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
თავის მხრივ, გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძის განცხადება ჭორაობად შეაფასა.
მინისტრი ხაზარაძისთვის მუქარის წერილის მიწერას უარყოფს და ამბობს, რომ ხაზარაძის განცხადება "იმუნიტეტის მოპოვების მცდელობაა".
"ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვებისა. მე წერილებს არ ვწერ. მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. შანტაჟის ენით საუბარი საერთოდ საჯარო პოლიტიკიდან უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟის ენით საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, ეს არის ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა. სხვა ყველაფერი არის ტყუილი.
მე ამ საქმესთან დაკავშირებით არავის არ ვეკონტაქტებოდი. ეს არის იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა. წერტილი.
რაც შეეხება პარლამენტში მისვლას, არაერთხელ მივსულვარ, ამ საქმესთან დაკავშირებით მივალ დიდი სიამოვნებით,"- განაცხადა გახარიამ.

























