საქართველოს გენერალური პროკურატურაში არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგზე ბრიფინგი გაიმართა, სადაც ითქვა, რომ "გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია რვაასამდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები....
ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგებით და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამორიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ როგორც სხვადასხვა, ასევე ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა.
მოცემული ფაქტი ასევე დადასტურებულია ცესკო-დან გამოთხოვილი საერთაშორისო აუდიტორული დასკვნებითაც.
მიუხედავად საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგებისა, გამოძიების მიერ დამატებით დაინიშნა კომპლექსური კომპიუტერული ექსპერტიზა, რათა საექსპერტო კვლევების შედეგად დადგინდეს ამომრჩეველთა ორმაგი ან/და არაერთჯერად ვერიფიკაციის შესაძლებლობა. ექსპერტიზის შესწავლის საგანს ასევე წარმოადგენს ის გარემოება, არჩევნების დასრულების მომენტიდან ექსპერტიზის წინაშე გამოძიების მიერ ინფორმაციის წარდგენამდე ხომ არ განხორციელდა რამე სახის ხელოვნური ჩარევა ვერიფიკაციის აპარატებში დაცულ ინფორმაციაზე", — ნათქვამია განცხადებაში.